„ყოველდღიურად უმატებს
Aa
Aa

„ყოველდღიურად უმატებს" - გოგას პირველი სტარტი მიმდინარე სეზონში და 14 ქულა

გამთენიისას, გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ დასავლეთ კონფერენციის აუტსაიდერს, „მინესოტა ტიმბერვულვზს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 141-137 დაამარცხა. 21 წლის ქართველმა ცენტრმა „ინდიანას“ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა და „პეისერსის“ რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

მაილს ტერნერმა და დომანტას საბონისმა „მინესოტასთან“ მატჩი ტრავმის გამო გამოტოვეს და მათ არყოფნაში სასტარტო ხუთეულში ბითაძე გამოჩნდა, რაც მიმდინარე რეგულარულში პირველად, ხოლო მის კარიერაში მესამედ მოხდა. გოგამ პარკეტზე თითქმის 25 წუთ-ნახევარი გაატარა და აქტივში 14 ქულა, 3 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.

ქართველმა კალათბურთელმა 11-დან 6 სროლა გამოიყენა და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. ბურთი არ დაუკარგავს და 4 პერსონალური ფოლი მიიღო. აღსანიშნავია, რომ 14 ქულა გოგასთვის NBA-ში საუკეთესო მაჩვენებელია.

მატჩის შემდეგ, ბითაძის შესახებ „პეისერსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ნეით ბიორკგრენმა ისაუბრა და ახალგაზრდა ცენტრი შეაქო: „შეხვედრის დაწყებამდე გოგას პარკეტზე გადაადგილებასთან, კარგ მომხსნელად ყოფნასთან და საკუთარი ფარის დაცვასთან დაკავშირებით ვესაუბრე. ამ საღამოს, კარლ-ენტონი თაუნსის გამო ბითაძეს ბევრი საქმე ჰქონდა და დაცვაში აქტიური იყო. იგი ჯარიმებით დაიტვირთა და ფრთხილად თამაში მოუწია, თუმცა მისით ვამაყობ. გოგამ მთელი წლის განმავლობაში შეუპოვრობა გამოიჩინა და კალათბურთელიდან, რომელსაც სათამაშო დრო არ ეძლეოდა, იქცა კალათბურთელად, რომელიც პარკეტზე საშუალოდ ჯერ 10 წუთს, შემდეგ 14 წუთს ატარებდა, ახლა კი ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა. ის ყოველდღიურად სწავლობს და უფრო და უფრო უკეთესი ხდება. ეს მისთვის ძალიან კარგია და მის თანაგუნდელებს პარკეტზე მასთან ერთად ყოფნა მოსწონთ“.

შეგახსენებთ, რომ „ინდიანას“ 23 მოგება და 27 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-9 ადგილს იკავებს. „პეისერსი“ მომდევნო შეხვედრას 10 აპრილს გამართავს და „ორლანდო მეჯიქს“ გაეჯიბრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები