მილანი, ნაპოლი, ბაიერნი და იუვენტუსი - რას წერს უცხოური პრესა კვარაცხელიაზე
Aa
Aa

მილანი, ნაპოლი, ბაიერნი და იუვენტუსი - რას წერს უცხოური პრესა კვარაცხელიაზე

„რუბინის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი უცხოურ პრესაში საკმაოდ აქტუალურია. 20 წლის შემტევს ევროპულ გრანდებს უკავშირებენ და ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში „კვარას“ შესახებ რამდენიმე გამოცემამ დაწერა.

Juvefc.com

„იუვენტუსი შემადგენლობის გაახალგაზრდავებაზეა ორიენტირებული და 20 წლის გარემარბის გაფორმება სურს. კულუსევსკი და კიეზა გუნდში გასულ ზაფხულს მივიდნენ და ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ, თუმცა ბიანკონერის ეს ხელს არ შეუშლის, ახალგაზრდა მოთამაშეები გადაიბიროს. Ilbianconero-ის ინფორმაციით, ბოლოს იუვენტუსის რადარზე რუბინის ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია აღმოჩნდა. 20 წლის გარემარბი რუსული კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში კარიერას ევროპაში გააგრძელებს“.

Todofichajes.com

„სეზონის ბოლო ახლოვდება და მილანს არ სურს, სატრანსფერო ბაზარზე უყურადღებობა გამოიჩინოს. იტალიური კლუბი შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს და როსონერის რჩეულთა სიაში ახალი სახელები გაჩნდნენ.

ჩვენი ინფორმაციით, მილანმა რუბინთან მოლაპარაკებები უფრო აქტიურ ფაზაში გადაიყვანა და კვარაცხელიას ტრანსფერის დახურვა სურს. ქართველ ფეხბურთელს რამდენიმე კლუბს უკავშირებენ, რომელთა შორის ბაიერნი და იუვენტუსი არიან და მილანისთვის ტრანსფერის სწრაფად გაჩარხვა აუცილებელია. რუსულ კლუბთან მოლაპარაკებები მოწინავე ეტაპზეა და როსონერის გარიგება დაახლოებით 19 მილიონი ევრო დაუჯდება“.

Onefootball.com

„გააძლიერებს ბაიერნი ზაფხულში შეტევას? ამჟამინდელი ინფორმაციით, რეკორდმაისტერი ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებას აპირებს. მისი სახელი გერმანიაში ძალიან ცოტა ქომაგისთვისაა ცნობილი, თუმცა შესაძლოა, ეს მალე შეიცვალოს. მიუნხენურ გრანდს მისი შეძენა ზაფხულში სურს. მარცხენა გარემარბი რუბინის ფეხბურთელია და ესპანეთის წინააღმდეგ გატანილი გოლის შემდეგ, საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო“.

Ilnapolionline.com

„მილანი კვარაცხელიას თაობაზე მის აგენტთან, რომელიც რამდენიმე დღეში იტალიაში იქნება, მოლაპარაკებებს განაგრძობს. როსონერის გარდა, ხვიჩას შეძენით იუვენტუსი ინტერესდება. კვარაცხელიას გარშემო განვითარებულ მოვლენებს ნაპოლიც აკვირდება, მაგრამ პარტენოპეის პროცესების დაჩქარების გადაწყვეტილება არ მიუღია. მილანი ცდილობს, გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვოს, მაგრამ დორტმუნდიც არ უნდა დაგვავიწყდეს“.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, მისი მთავარი მიზანი ქართველი ფეხბურთელის შენარჩუნებაა, თუმცა დასძინა, რომ გრანდებისგან წინადადების მიღების შემთხვევაში, ხვიჩას ყაზანში დატოვება გაუჭირდებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები