Aa
Aa

"მას რეალი უყვარს და იქ გადავა კიდეც" - მბაპეს ტრანსფერი რეალური ხდება

მადრიდის „რეალი“ კილიან მბაპეს შესაძენად აქტიურ მუშაობას აგრძელებს და კვლავ ეკონომიკური გეგმის შემუშავების პროცესშია. ესპანური გამოცემები აღნიშნავენ, რომ პსჟ-ს სურვილი მბაპეში 225 მილიონი ევროს მიღებაა და ამის შესახებ „რეალსაც“ მოახსენა. „თეთრების“ ხელმძღვანელები კი ფასის დასაწევად სხვადასხვა გზებს ეძებენ.

გამოცემა AS-ის ცნობით, ერთ-ერთი ასეთი სქემა ვინისიუს ჟუნიორის გარიგებაში ჩართვაზეა აწყობილი. ბრაზილიელი თავდამსხმელის ღირებულება დაახლოებით 40 მილიონი ევროა და თუ ფრანგები მის მიღებას დათანხმდნენ, მბაპეს სატრანსფერო თანხა 165 მილიონ ევრომდე შემცირდება.

ესპანური პრესა მნიშვნელოვან გარემოებად მიიჩნევს იმასაც, რომ „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესსა და პსჟ-ს პირველ პირ ნასერ ალ ხელაიფის შორის კარგი დამოკიდებულებაა.

კიდევ ერთი საკვანძო ფაქტორი თავად მბაპეს სურვილია: „კილიანს „რეალში“ გადასვლა უნდა. მას უყვარს ეს კლუბი და დარწმუნებული ვარ, ერთ დღესაც მის მაისურს მოირგებს“, - ეს პსჟ-სა და „რეალის“ ყოფილი შემტევის, ხესე როდრიგესის სიტყვებია.

ცნობილია ისიც, რომ 22 წლის ფორვარდი პარიზელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. მან რამდენიმე წინადადება უკვე დაბლოკა და დიდი შანსია, პსჟ-ს ხელმძღვანელებთან ამ თემაზე მოლაპარაკებები საერთოდ აღარ გააგრძელოს.

ესპანური ABC-ის მტკიცებით, „პარი სენ ჟერმენში“ მბაპეს წასვლას უკვე შეეგუენ და მის ჩასანაცვლებლად სპეციალურ გეგმას ამუშავებენ. კლუბის სპორტული დირექტორი, ლეონარდო, „პარკ დე პრენსზე“ ტოპ კლასის შემტევის მიყვანაზე იფიქრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები