„რთული შეხვედრა გვექნება ჩვენც და მეტოქესაც
Aa
Aa

„რთული შეხვედრა გვექნება ჩვენც და მეტოქესაც" - რა თქვა სანიოლმა საბერძნეთთან მატჩის წინ

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდი ქალაქ სალონიკში 30 მარტს ჩარტერული ავიარეისით ჩავიდა და მატჩისწინა ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ ტუმბა არენაზე გამართა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს და მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს:

ვილი სანიოლი: "ვფიქრობ, რომ ესპანეთისა და შვედეთის წინააღმდეგ კარგი თამაში ვაჩვენეთ, თუმცა ქულების მოსაპოვებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ახლა კი, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მუშაობა გავაგრძელოთ და იგივე დისციპლინით ვითამაშოთ, როგორც ეს გასულ მატჩებში გავაკეთეთ. ჩვენს თამაშში მე ძალიან ბევრი პოზიტიური ნიშანი დავინახე. ​ფიფას რეგულაციებიდან გამომდინარე საკვალიფიკაციო ეტაპი სამი მატჩით დავიწყეთ, საიდანაც ორი შეხვედრის გამართვა სტუმრად გვიწევს.

ხვალინდელ მატჩში საბერძნეთს დავუპირისპირდებით, რომელმაც ესპანეთთან პირველ ტურში გამართული შეხვედრით თავდაჯერება მოიპოვა. მსურს, მათ ეს შედეგი მივულოცო, რადგან ესპანეთის წინააღმდეგ ქულის აღება ადვილი არ არის. საბერძნეთის წინააღმდეგ რთული შეხვედრა გველის, მაგრამ ასეთივე რთული მატჩი ექნება ჩვენს მეტოქეს."

ოთარ კიტეიშვილი: "საბერძნეთის წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული ორი თამაშის შემდეგ, სამწუხაროდ, ქულა ვერ მოვიპოვეთ, დასანანი მატჩები წავაგეთ. ამიტომ საბერძნეთის წინააღმდეგ ჩვენი მიზანი ქულების მოპოვებაა.

ვთვლი, რომ ხვალ მოსაგებად უნდა ვითამაშოთ და იმედი მაქვს მიზანს მივაღწევთ. რაც შეეხება საბერძნეთის ნაკრებს, საკმაოდ კარგი გუნდია, მათ ესპანეთის წინააღმდეგ ერთი ქულის აღება შეძლეს, რაც შეუძლებელია შემთხვევითობა იყოს. საბერძნეთთან თანაბარ თამაშს ველოდები."

საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 31 მარტს სალონიკის ტუმბა არენაზე თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. კოვიდ 19-ის რეგულაციების გამო საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მომზადებულია nakrebi.ge-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები