Aa
Aa

"არასაკმარისი გოლების გამო მაკრიტიკებდნენ" - მბაპემ კარიერის პირველ ეტაპზე ისაუბრა

მიმდინარე სეზონში კილიან მბაპე საკმაოდ შედეგიანია, თუმცა, როგორც აღმოჩნდა ფრანგ სუპერვარსკვლავს რამდენიმე წლის წინ საკმარისი გოლების ვერ გატანის გამო აკრიტიკებდნენ.

მბაპეს თქმით, როდესაც გაცილებით ახალგაზრდა იყო გააკრიტიკეს, რადგან საკმარისი გოლები ვერ გაჰქონდა. მიმდინარე სეზონში 22 წლის შემტევი საფრანგეთის ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირია 20 გოლით. ჩემპიონთა ლიგაზე კი 6-ჯერ აქვს მეტოქეების კარი აღებული და ამ შედეგით ის მე-2 ადგილზეა.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი იმასაც ამბობს, რომ ის ადრე ასეთი ნაყოფიერი არ იყო და შოუმენობაში ადანაშაულებდნენ.

რა თქვა მბაპემ?

"ახალგაზრდულ ასაკში, დიდი ხნის განმავლობაში ხალხი ამბობდა, რომ საკმარისი გოლები ვერ გამქონდა. თანამედროვე ფეხბურთში აუცილებლად ბევრი უნდა გაიტანო. ეს რომ გამოგივიდეს ბევრი უნდა ივარჯიშო და უამრავი რამ ისწავლო.

როდესაც გიჭირს, არავის შეუძლია შენი დახმარება. მენტალურად ძლიერი უნდა იყო და ყველაფერი გააკეთო წარმატების მისაღწევად. როდესაც მოედანზე გავდივარ ჩემ თავს ვეუბნები, რომ საუკეთესოდ უნდა ვითამაშო." - თქვა მბაპემ უეფა-სთან საუბრისას

კილიანს კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონატის მოგება უნდა

2018 წელს მბაპემ საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

"მსოფლიო ჩემპიონატის მოგება არის ის, რისთვისაც დიდი ხნის განმავლობაში ემზადები და მუშაობ. ძალიან მინდა მეორედ მოვიგო. ბედნიერი ვარ, რადგან 19 წლის ასაკში ასეთი ტიტული მოვიპოვე ეს ისეთი რამ გახლავთ, რაც ფეხბურთელების კარიერის განვითარებას ხელს უწყობს. წინ ახალი გამოწვევები მაქვს და მინდა ყველაფერი მოვიგო." - განაცხადა მბაპემ

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 30 გოლი გაიტანა. პარიზულ გრანდში კი 2017 წლიდან დღემდე 160 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეების კარი 120-ჯერ აიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები