Aa
Aa

"ფედერერს გათამაშებებში საგრძნობლად აჯობა" - ნაკრების მწვრთნელის შეფასება

ნიკოლოზ ბასილაშვილმა, როჯერ ფედერერის დამარცხებით, ქართული ჩოგბურთის ისტორიაში უნიკალური ფურცელი ჩაწერა. ამ მოვლენაზე ბევრი შეფასება გაკეთდა და გაკეთდება, ამჯერად კი საქართველოს საჩოგბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელს, დავით კვერნაძეს მოვუსმინოთ.

„ნიკოლოზმა შესანიშნავად ითამაშა და ფედერერს გათამაშებებში საგრძნობლად აღემატებოდა. ერთადერთი, რითაც როჯერი ქულებს აგროვებდა, ჩაწოდება იყო. თუმცა, როცა ნიკა მისი მოწოდების დაბრუნებას ახერხებდა, უპირატესობა მის ხელში გადადიოდა, ამიტომაც გამარჯვება სრულიად დამსახურებული იყო.

ნიკას ისედაც გრანდიოზულ კარიერას, ამ დიდი მოგებით, გვირგვინი დაედგა და დიდი შანსია, ამით მისი წარმატებების მეორე ტალღა დაიწყოს. ასევე ვიტყოდი, რომ გუშინდელი შედეგი, რომლის შესახებაც მთელ მსოფლიოში გაიგეს, ყველა ქართველი ჩოგბურთელისთვის დიდი სტიმულია - დამწყები იქნება, პროფესიონალი თუ მოყვარული. ორი აზრი არაა, რომ ქართული ჩოგბურთისთვის დიდი გამარჯვებაა და ვიტყოდი, მთლიანად ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი რამ მოხდა“, - განაცხადა კვერნაძემ CrystalSport-თან საუბრისას.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა როჯერ ფედერერს დოჰას 250-იანი ტურნირის 1/4 ფინალში 3:6; 6:1; 7:5 მოუგო, რაც მის კარიერაში და ქართულ ჩოგბურთში მართლაც ახალი სიმაღლეა. ჩვენი თანამემამულე ATP-ის რეიტინგის ტოპ 10-ის წარმომადგენელს მე-19-ედ შეხვდა და მეხუთე გამარჯვება მოიპოვა - ფედერერამდე ტომაშ ბერდიხს, დომინიკ ტიმს, ხუან მარტინ დელ პოტროსა და ალექსანდრ ზვერევს აჯობა.

შეგახსენებთ, რომ ქართველთაგან ბასილაშვილამდე, მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანთან მოგებული მხოლოდ ირაკლი ლაბაძეს ჰქონდა. მან ლეგენდარული ანდრე აგასი 2001 წელს, შანხაის ტურნირზე 7:6; 7:5 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები