Aa
Aa

"ფედერერს სწრაფი ტემპი შესთავაზა" - ATP-ის საიტი ბასილაშვილი-ფედერერის მატჩზე

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ქართული ჩოგბურთისა და მთლიანად სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება მოიპოვა. 29 წლის ჩოგბურთელმა ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მამაკაცთა 250-იან ტურნირზე როჯერ ფედერერი დაამარცხა.

ცხადია, შეხვედრას ATP-ის ოფიციალური საიტი გამოეხმაურა და ბასილაშვილის წარმატებაზე სტატია შემოგვთავაზა:

„ქართველმა გეგმაზომიერად აგრესიული ჩოგბურთი ითამაშა და ფედერერს სწრაფი ტემპი შესთავაზა, რამაც საშუალება მისცა შვეიცარიელი ლეგენდა 3:6; 6:1; 7:5 დაემარცხებინა.

ბასილაშვილი დოჰაში 5-მატჩიანი წაგებათა სერიით ჩავიდა, მაგრამ ფედერერთან ATP ტურში პირველი გამარჯვება მაინც მოიპოვა და მასთან ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გაათანაბრა. 29 წლის ქართველი ATP-ის ტურნირების 1/2 ფინალში 2019 წლის ივლისის შემდეგ პირველად ითამაშებს.

მატჩში გადამწყვეტი მომენტი მესამე სეტის 4:5-ზე იყო, როცა ბასილაშვილმა ნერვების სიმტკიცე გამოავლინა და ფორჰენდიდან ძლიერი დარტყმით მატჩ-პოინტი გადაარჩინა. ამის შემდეგ ჩვეული აგრესიით თამაში გააგრძელა და შეხვედრა თავის მე-3 მატჩ-პოინტზე დახურა“, - წერს მამაკაცთა ჩოგბურთის ოფიციალური საიტი.

ბასილაშვილსა და ფედერერს გუშინდელამდე ერთხელ - 2016 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე ჰქონდათ ერთმანეთთან ნათამაშები. „მაესტრომ“ მაშინ 6:2; 6:1; 6:2 გაიმარჯვა.

ზოგადად, ნიკა რეიტინგის ტოპ 10-ის წევრს კარიერაში მე-19-ედ შეხვდა და მეხუთე გამარჯვება მოიპოვა, ფედერერამდე მან ტომაშ ბერდიხს, დომინიკ ტიმს, ხუან მარტინ დელ პოტროსა და ალექსანდრ ზვერევს აჯობა.

იმავე ATP-ის ვებგვერდზე ჩოგბურთელთა მატჩისშემდგომი კომენტარებიცაა მოცემული. ბასილაშვილის თქმით, ფედერერი მისი ბავშვობის კუმირია და ასეთი ჩოგბურთელის დამარცხება ახდენილი ოცნება გახლავთ.

„ეს დაუჯერებელია. იგი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელია და მასთან უბრალოდ თამაშიც კი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მიხარია, რომ ტრავმების შემდეგ კორტზე დაბრუნდა და ჩოგბურთის თამაშს აგრძელებს.

იგი ყოველთვის ჩემი და ბევრი სხვა ჩოგბურთელისა თუ ფანის კუმირი იყო, გასაოცარი მოთამაშეა. ასე რომ, მასთან გამარჯვება ახდენილი ოცნებაა. ექსტრემალურად ბედნიერი ვარ“.

რაც შეეხება ფედერერს, მან კორტეზე დაბრუნების გამო ბედნიერება კიდევ ერთხელ გამოხატა და აღნიშნა, რომ ბასილაშვილი ცდილობდა, მისი ფორჰენდი დაეტვირთა.

„დიდი ხანია არ მითამაშია. დაბრუნებით ბედნიერი ვარ და ისიც მახარებს, რომ ასეთ დონეზე ტოპ მოთამაშეებთან 3 სეტი ვითამაშე. ეს ჩემთვის დიდი წინგადადგმული ნაბიჯია.

ბედნიერი ვარ იმ შეგრძნებით, რომელიც დღეს კორტზე დაბრუნებამ გამოიწვია. ევანსთან ფიზიკურად თავს უკეთესად ვგრძნობდი, მაგრამ, ვფიქრობ, ბასილაშვილმა ევანსისგან სრულიად განსხვავებულად ითამაშა.

იგი უფრო მეტად ფორჰენდით თამაშისკენ მიბიძგებდა, ევანსი კი ძირითადად მოჭრილი დარტყმებით მეთამაშებოდა და დაბალ ბურთებს მიგდებდა, რის გამოც უფრო მეტი სირბილი მიწევდა“.

ორი აზრი არაა, რომ ნიკა ბასილაშვილმა დამოუკიდებელი ქართული ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია. მან დიდი სლემის ტურნირების 20-გზის ჩემპიონს, ჩოგბურთის ცოცხალ ლეგენდასა და ამ სპორტის ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მოთამაშეს მოუგო.

ქართველთაგან ბასილაშვილამდე მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი მხოლოდ ირაკლი ლაბაძეს ჰყავდა დამარცხებული. 2001 წელს, შანხაის ტურნირზე, ლაბაძემ ანდრე აგასის 7:6; 7:5 აჯობა. ლეგენდარული ამერიკელი მაშინ 31 წლის იყო, მას დიდი სლემის ოთხივე ტურნირი აქვს მოგებული - 4-ჯერ ავსტრალიის ღია პირველობა, 2-ჯერ ამერიკის ღია პირველობა, ხოლო თითოჯერ „როლან გაროსი“ და „უიმბლდონი“. აგასი ასევე 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროსმედალოსანია.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის 1/2 ფინალში გასვლით 90 სარეიტინგო ქულა გაინაღდა. იგი ფინალში გასასვლელად ამერიკელ ტეილორ ფრიტცს შეხვდება. ნიკა მასთან ურთიერთშეხვედრებს 0:1-ს აგებს. ფრიტცმა 2017 წელს, ჩენგდუს ტურნირზე 6:3; 3:6; 6:1 გაიმარჯვა.

ტურნირის მეორე ნახევარფინალში ანდრეი რუბლიოვი რობერტო ბაუტისტა-აგუტს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები