Aa
Aa

დორტმუნდი VS სევილია - მატჩის წინ

სირიაში დაბადებული მაჰმუდ დაუდის გოლისა და სკანდინავიელი ტალანტის, ერლინგ ჰოლანდის დუბლით ''დორტმუნდმა'' ''სანჩეს პისხუანზე'' ძალიან დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა - 2:3. ლოპეტეგის გუნდიდან თავი სუსომ და ლუკ დე იონგმა გამოიჩინეს. ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი ''სიგნალ იდუნა პარკზე'' 10 მარტს 00:00 საათზე დაიწყება.

დორტმუნდი

გასული წლის 13 დეკემბერს ''დორტმუნდის'' მთავარი მწვრთნელის პოსტი ლუსიენ ფავრიმ დატოვა და მას შემდეგ კლუბს ედინ ტერზიჩი წვრთნის, რომელიც 2018-20 წლებში ''დორტმუნდის'' სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა. 38 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით გერმანულმა კლუბმა 17 მატჩი გამართა: 10 მოგება, 2 ფრე და 5 მარცხი.

ედინ ტერზიჩი: ''სევილიას'' მხრიდან კარგ თამაშს ველით იმ ფაქტის მიუხედავად, რომ მათი ბოლო მატჩებში კარგი შედეგი არ დაუფიქსირებიათ. ვემზადებით რომ ვაჩვენოთ ძალიან განსხვავებული ინტენსიური თამაში''.

20 წლის ერლინგ ჰოლანდმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 19 გოლი შეაგდო. მან ბუნდესლიგის გასულ ტურში მიუნხენის ''ბაიერნს'' 7-წუთიან მონაკვეთში დუბლი შეუსრულა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება ფლიკის გუნდს დარჩა - 4:2.

24 ტურის შემდეგ ''დორტმუნდი'' ბუნდესლიგაში მე-6 ადგილზეა, თუმცა საუკეთესო სამეულს მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩება. ''ბაიერნთან'' მატჩამდე ტერზიჩის გუნდმა ზედიზედ ოთხი შეხვედრა მოიგო, ჩემპიონთა ლიგაზე ''სევილიას'' სძლია, ბუნდესლიგაში ''შალკესა'' და ''არმინიას'', ხოლო გერმანიის თასზე - ''გლადბახს''.

ტერზიჩის გუნდი მიუნხენის ''ბაიერნთან'' უძლური აღმოჩნდა, ჰოლანდის დუბლის საპასუხოდ რობერტ ლევანდოვსკის ჰეთ-თრიკის გარდა გოლი ლეონ გორეცკამ შეაგდო.

მარკო როისი: ''მიუნხენის ''ბაიერნთან'' გამართული მატჩი კარგად გავაანალიზეთ. წინ დიდი მატჩი გველის. გვსურს ვიასპარეზოთ ისე, როგორც სევილიაში შევძელით და ვაჩვენოთ საკმაოდ აგრესიული თამაში''.

''დორტმუნდის'' 20 წლის ტალანტი ჯეიდონ სანჩო კვლავ ტრავმირებულია. მოთამაშე ''სევილიასთან'' მატჩს გამოტოვებს და კიდევ ორი კვირით ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას. ბრიტანული მედიის ცნობით სანჩო ინგლისის ეროვნულ ნაკრებს უახლოეს შეკრებაზე ვერ შეუერთდება.

სევილია

17 თებერვლის საკუთარ კედლებში გერმანულ კლუბთან მარცხის შემდეგ ''სევილიამ'' 4-დან მხოლოდ 1 მატჩი მოიგო და 3 დათმო, მათ შორის ორი მარცხი ლა ლიგასა და სამეფო თასზე ''ბარსელონასთან'' განიცადა, ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში კი სტუმრად აუტსაიდერ ''ელჩესთან'' 3 ქულა დაკარგა.

წარუმატებელი პერიოდის მიუხედავად ხულენ ლოპეტეგის გუნდი ლა ლიგაში მე-4 ადგილზეა და შემდეგ სეზონში კვლავ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს გეგმავს, თუმცა სეზონის დარჩენილი ნაწილი ანდალუსიური გუნდისთვის ძალიან რთული იქნება, რადგან გუნდს გოლის გატანა ძალიან უჭირს, კლუბის საუკეთესო ბომბარდირ იუსეფ ენ-ნესირის ყველა ტურნირის ჩათვლით ჩატარებულ ბოლო 7 შეხვედრაში თავი გოლით არ გამოუჩენია, რამაც კლუბის შედეგიან გამოსვლაზე ძალიან უარყოფითი გავლენა მოახდინა.

23 წლის მაროკოელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 13 გოლი შეაგდო, ის ბომბარდირთა დავაში მხოლოდ მესის, სუარესსა და ჟერარდ მორენოს ჩამორჩება.

ლოპეტეგი ''სევილიას'' 2019 წლის ზაფხულიდან წვრთნის. მას შემდეგ კლუბმა 94-დან 56 მატჩი მოიგო, 19 შეხვედრა ფრედ დასრულდა და ასევე 19 მატჩში დამარცხდა. 2019-20 წლების სეზონი ''სევილიამ'' ლა ლიგაში მე-4 ადგილზე დაასრულა, ხოლო ევროპა ლიგის ფინალში მილანის ''ინტერს'' სძლია.

ლოპეტეგი: ''დორტმუნდთან'' საკუთარ კედლებში მარცხი პოზიტიურად არასდროს შეფასდება, თუმცა ორმატჩიანი დაპირისპირება გრძელდება, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ შესაძლებლობების გამოყენებას და შემდეგ ეტაპზე გასვლას. ჩვენ გერმანიაში იმედით და ამბიციით მივდივართ''.

მატჩის მთავარი მსაჯი ცნობილი თურქი არბიტრი ჯიუნეით ჩაქირი იქნება. მას თურქი მსაჯები დაეხმარებიან. VAR-ი იტალიელი მასიმილიანო ირატი იქნება, რომელსაც თურქი მეტე კალკავანი ასისტენტობას გაუწევს.

სავარაუდო შემადგენლობები

დორტმუნდი: ჰიტცი, მუნიე, ჩანი, ჰუმელსი, შულცი, დელანი, ბელინგემი, დაუდი, როისი, აზარი, ჰოლანდი

სევილია: ბონო, ნავასი, კუნდე, დიეგო კარლოსი, აკუნია, ჟორდანი, ფერნანდო, რაკიტიჩი, ოკამპოსი, ენ-ნესირი, სუსო

ტრავმირებულები

დორტმუნდი: აკანჯი, სანჩო, შმელცერი, ვიტსელი

საეჭვოა გერეიროსა და რეინა თამაში

სევილია: ალეშ ვიდალი

საეჭვოა იასინ ბუნუს თამაში

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები