„Big East-ის წლის საუკეთესო კალათბურთელი გახდება“ - nj.com მამუკელაშვილზე
Aa
Aa

„Big East-ის წლის საუკეთესო კალათბურთელი გახდება“ - nj.com მამუკელაშვილზე

ცნობილმა ვებგვერდმა nj.com-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც Big East-ის კონფერენციის წლის საუკეთესო კალათბურთელის ჯილდოს მოგების მთავარ კანდიდატებზე საუბრობს. სტატიის ავტორმა განსაკუთრებული ყურადღება „სეტონ ჰოლის“ ქართველ მძიმე ფორვარდს, სანდრო მამუკელაშვილს დაუთმო და ივარაუდა, რომ ზემოთ ხსენებულ პრიზს სწორედ „მამუ“ დაისაკუთრებს.

„კონექტიკუტის მთავარ მწვრთნელს, დონ ჰერლის ჯეიმს ბუკნაითის სახით გუნდში Big East-ის კონფერენციის წლის საუკეთესო კალათბურთელის ჯილდოს მოგების ერთ-ერთი კანდიდატი ჰყავს, თუმცა შაბათს, ჟურნალისტებთან საუბრისას მან ის მოთამაშე დაასახელა, რომელიც სავარაუდოდ, მისგან ხმას მიიღებს. როცა ჰერლის კონექტიკუტის მომდევნო მეტოქის, სეტონ ჰოლის შესახებ ჰკითხეს, მან განაცხადა: „ჩვენ მშვენივრად მოგვეხსენება რამდენად კარგი გუნდია სეტონ ჰოლი. მეკობრეების რიგებში წლის საუკეთესო კალათბურთელი თამაშობს“.

რა თქმა უნდა, საუბარი სანდრო მამუკელაშვილზეა, რომელიც ჩვენი აზრით, Big East-ის წლის საუკეთესო კალათბურთელი გახდება. ამ ჯილდოს მფლობელის ვინაობა 10 მარტს გაირკვევა, მანამდე კი გვინდა, ჩვენი პროგნოზი შემოგთავაზოთ.

ბუკნაითი, რომელსაც სავარაუდოდ, NBA-ის 2021 წლის დრაფტის პირველ რაუნდში აირჩევენ, ამ პრიზს დაისაკუთრებდა, ტრავმის გამო მატჩები რომ არ გამოეტოვებინა. მან 18-დან მხოლოდ 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 20.5 ქულასა და 5.8 მოხსნას აგროვებს.

კოლინ გილესპი, იერემაია რობინსონ-ეარლი და მარკუს ზეგაროვსკი ღირსეული კანდიდატები არიან. ხშირ შემთხვევაში ეს ჯილდო კონფერენციის საუკეთესო გუნდის წამყვან კალათბურთელს გადაეცემა, მაგრამ არცერთ მათგანს ჰქონია ისეთი სეზონი, რომ კითხვის ნიშნების დატოვების გარეშე გაემარჯვებინა.

ზეგაროვსკი საშუალოდ 14.9 ქულასა და 4.6 ასისტს აგროვებს. რობინსონ-ეარლი - 15.5 ქულასა და 7.9 მოხსნას, ხოლო გილესპის ანგარიშზე 14.4 ქულა და 4.7 ასისტია. აი, მამუკელაშვილს რაც შეეხება, სანდრო ქულების მხრივ Big East-ის კონფერენციაში მეორეა - 17.8 ქულა, მოხსნების მხრივ - მერვე - 7.1 მოხსნა და ასისტების მხრივ - მე-14 – 3.1 ასისტი. ამასთან, მას მიმდინარე სეზონში არცერთი მატჩი გამოუტოვებია.

„გაბარიტების, შესაძლებლობებისა და საკალათბურთო ინტელექტის კომბინაციის წყალობით მამუკელაშვილი გახლავთ Big East-ის კონფერენციაში მოასპარეზე ის კალათბურთელი, რომლის მეურვეობაც ყველაზე რთულია. ჩვენ მას ვუწოდებთ მოთამაშეს, რომლის წინააღმდეგაც დაცვაში თამაში კოშმარია. მამუსთვის რაიმე სახის გეგმის მომზადება ურთულესია“, - აცხადებს Big East-ის კონფერენციის გუნდის მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთი ასისტენტი.

სეზონის განმავლობაში მოპოვებული Big East-ის საუკეთესო კალათბურთელის ჯილდოები კარგი ინდიკატორია იმისა, თუ ვინ გახდება ზემოთ ხსენებული პრიზის მფლობელი. დღევანდელი მონაცემებით, კვირის საუკეთესო მოთამაშის სტატუსი 2-ჯერ მხოლოდ მამუკელაშვილმა და „პროვიდენსის“ კალათბურთელმა, დევიდ დიუკმა მოიპოვეს და საბოლოოდ, ჩვენი პროგნოზი სწორედ „მამუს“ გამარჯვება გახლავთ“.

შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი NCAA-ის მთავარი ინდივიდუალური პრიზის, ნეისმიტის ტროფეის მოპოვების კანდიდატიცაა და ახლახან კარლ მელოუნის სახელობის ჯილდოს მოგების შანსი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები