„ეგოისტია, მხოლოდ საკუთარი გოლები აინტერესებს" - კასანომ რონალდუ გააკრიტიკა
ანტონიო კასანომ ტურინის „იუვენტუსის“ სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა. „რეალის“ ექს-მოთამაშის მიხედვით, პორტუგალიელი საკუთარ თავზე ზედმეტადაა ორიენტირებული და „ბებერ ქალბატონში“ ვითარება ნელ-ნელა უარესდება.
„მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანუ ფენომენალური მოთამაშეა და მილიარდი გოლი აქვს გატანილი, იყო შანსი, პირლოს საფეხბურთო ფილოსოფიასთან ადაპტაცია გასჭირვებოდა. მართალია, მას საშუალოდ მატჩში 1 გოლი გააქვს, მაგრამ ანდრეას იდეებთან შეგუება უჭირს.
რონალდუ რაღაც დოზით ეგოისტი ყოველთვის იყო. მას სხვების მიერ გატანილი გოლები არ აინტერესებს და ისეთი ფეხბურთელია, რომელიც იმისთვის ცხოვრობს, რომ მეტოქის კარი თავად აიღოს.
ის არ ცხოვრობს იმისთვის, რომ ფეხბურთი ითამაშოს ან ბრწყინვალე მატჩში მონაწილეობა მიიღოს. არა! მისი მთავარი მიზანი გოლის გატანაა და ამ მომენტში იუვეში ვითარება უარესდება. დრო ყველასთვის გადის და მას ახლა სერიოზული პრობლემები აქვს. იუვენტუსი რონალდუს შესაძლებლობების გამო ცდილობს, საკუთარი საფეხბურთო ფილოსოფია შეცვალოს და სხვანაირი ფეხბურთი აჩვენოს“.
შეგახსენებთ, რომ „პორტუსთან“ კრიშტიანუ რონალდუს ცუდი მატჩი ჰქონდა და მეტოქის კარს პრაქტიკულად არ დამუქრებია. „დრაკონებთან“ ჯახის შემდეგ, პირლოს გუნდის შესახებ ფაბიო კაპელომაც ისაუბრა და „ბიანკონერი“ მანაც გააკრიტიკა.