LE FIGARO: "ბაიერნიდან სამი წლის შემდეგ, საქართველოს ნაკრებში"
პოპულარული ფრანგული გამოცემა LE FIGARO, ვილი სანიოლის საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნას გამოეხმაურა.
გამოცემა ამ ამბავს მოულოდნელს უწოდებს:
„რბილად, რომ ვთქვათ ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო. მომდევნო კვირიდან ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად გახდება.
სამ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც სანიოლმა „ბაიერნი“ ერთი მატჩით ჩაიბარა (ბაიერნი 2-2 ჰერტა, 2017) და ახლა, ის რეიტინგში 89-ე ადგილზე მყოფ ნაკრებს გაუძღვება. სულ მალე, ის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთს და შვედეთს დაუპირისპირდება.
მას შემდეგ, რაც 2018 წელს ტელევიზიიდან (RMC Sport) წავიდა უმუშევარი იყო, თუმცა უეცრად მან შანსი მიიღო.
ეს მისი მესამე გამოცდილება იქნება, საფრანგეთის (U21) ნაკრებში და „ბორდოში“ მუშაობის შემდეგ.
„მოგესალმებით, ყველას. მე გახლავართ ვილი სანიოლი. მე წილად მხვდა, რომ შემდეგი კვირიდან თქვენი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვიყო. სფფ-ის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებმა და ნაკრების მოთამაშეთა პოტენციალმა დამარწმუნა, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდში მუშაობა ჩემთვის შესანიშნავი გამოწვევაა.
დარწმუნებული ვარ, თავდაუზოგავი შრომით, დისციპლინითა და მონდომებით ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალ და შესანიშნავ ფურცელს ერთად დავწერთ. დიდი მადლობა“.
სანიოლი შეცვლის ვლადიმირ ვაისს, რომელიც პოსტს 2016 წლიდან იკავებდა. ის იქნება მე-8 უცხოელი და მეორე ფრანგი მწვრთნელი ალენ ჟირესის შემდეგ (2004-2005), რომელმაც ვერ შეძლო გუნდისთვის დონის ამაღლება (2 მოგება, 2 ფრე, 6 მარცხი).
სანიოლი თავის საქმიანობას სტოკჰოლმში შვედეთთან (25 მარტი) მატჩით დაიწყებს. მისი ახალი გუნდი, რომელიც 4 მილიონიან ერს წარმოადგენს, შემდეგ ესპანეთს (28 მარტი) უმასპინძლებს“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან ერთად იმყოფება. ვილი სანიოლს თავისი სამწვრთნელო კარიერის განახლება მარტში 3 ურთულესი მატჩით მოუწევს.