Aa Aa
21 იანვარი 2021  |  10:15

„ჩემს უახლოეს გეგმებში ბრძოლის გამართვა არ შედის" - ხაბიბი UFC-ში დაბრუნებას გამორიცხავს

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა ოქტაგონზე შესაძლო დაბრუნების შესახებ ისაუბრა. „არწივმა“ Sports24.ru-ს შეკითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ მის სამომავლო გეგმებში UFC-ში ჩხუბი არ შედის.

„გარკვეული მოტივაციისა და წარმატების მიღწევის წყურვილის ქონა აუცილებელია, მე კი ესენი არ მაქვს. ძალიან დიდი ხანია ამ სპორტში ვიმყოფები და მთელი ცხოვრებაა ამ საქმით ვარ დაკავებული. MMA-ში პრაქტიკულად ყველაფერს მივაღწიე და ამ ეტაპზე არავინაა, ვის წინააღმდეგაც ოქტაგონზე გასვლას ვისურვებდი.

ვიცი, რომ უამრავ მებრძოლს სურს იჩხუბოს და ამავდროულად ფული გამოიმუშავოს, წინსვლა განაგრძოს და რაღაც მიზნისკენ ისწრაფოდეს, მაგრამ მე რა გავაკეთო? ჩემი პოზიცია ძალიან ბევრს არ ესმის.

რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს, რომ დავბრუნდე. უამრავი რამ მაქვს დაგეგმილი, მაგრამ მათ შორის ოქტაგონზე გასვლა და ბრძოლის გამართვა ნამდვილად არაა. ვარჯიშს კვლავინდებურად ვაგრძელებ, რადგან ყველაზე დიდ სიამოვნებას სწორედ ეს მანიჭებს. მთელი ცხოვრებაა ამით ვარ დაკავებული და მომავალშიც ასე იქნება, მაგრამ თუ ჩხუბზე ვისაუბრებთ, შემიძლია გითხრათ, რომ ბრძოლების გამართვას არ ვაპირებ.

ხაბიბის დაბრუნებისა და არდაბრუნების საკითხზე სისტემატურად მსჯელობენ. ახლა 2021 წელია და არავინ იცის, 2022-ში ან 2023-ში რა მოხდება. არავინ იცის, ხვალ რა მოხდება, ამიტომ, მომავალზე ნუ ვილაპარაკებთ. ჩემს უახლოეს გეგმებში UFC-ში დაბრუნება არ შედის“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ხაბიბი UFC-ის პრეზიდენტს დეინა უაითს შეხვდა. ამ უკანასკნელმა „არწივთან“ შეხვედრის შემდეგ იმედისმომცემი პროგნოზი გააკეთა და განაცხადა, რომ თუ ნურმაგომედოვი მომდევნო ღონისძიებაზე რაღაც განსაკუთრებულს იხილავს, ოქტაგონზე დაბრუნებას გადაწყვეტს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში