Aa Aa
20 იანვარი 2021  |  10:29

კომიკური შეცდომა - სპეციამ მოიგო, მაგრამ წაგების შემთხვევაშიც გამარჯვება ჩაეთვლებოდა

იტალიის თასის 1/8 ფინალურ ეტაპზე, „რომასა“ და „სპეციას“ შორის კურიოზული ფაქტი მოხდა. ლა სპეციელებმა დედაქალაქელებს დამატებით დროში მოუგეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბოლო 25 წუთში სულ ტყუილად იწვალეს, რადგან გამარჯვება ისედაც გარანტირებული ჰქონდათ.

რომაელთა სამწვრთნელო შტაბს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კომიკური შეცდომა მოუვიდა. დამატებით დროში პაულო ფონსეკამ მე-6 შეცვლა განახორციელა - მას ეგონა, რომ დამატებით დროში 5 ცვლილების ლიმიტს კიდევ ერთი შეცვლა დაემატა. აღსანიშნავია ისიც, რომ მსაჯის კომპეტენციაში არაა, გააფრთხილოს გუნდი, როცა მსგავსი რამ ხდება. 

პორტუგალიელმა მატჩის შემდეგ თემაზე ბევრი საუბარი არ ისურვა და მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლა: „თუკი ეს პრობლემაა, ჩვენ მზად ვართ, ის შესაბამის პირებთან სიღრმისეულად განვიხილოთ“.

ზოგადად, ფიფა-ს დაშვებული აქვს წესი, რომ სათასო ტურნირებზე, დამატებითი დროის დანიშვნის შემთხვევაში, გუნდებს კიდევ თითო-თითო შეცვლა დაემატოთ. ამ წესის დანერგვა-არდანერგვა კონკრეტული სათასო გათამაშების ორგანიზატორების გადასაწყვეტია. იტალიის თასის შემთხვევაში, პროტოკოლში ასეთ რეგულაციას არ ვხვდებით. რომაელებიც ასეთ კომიკურ ვითარებაში სწორედ „კოპა იტალია“ პროტოკოლის სათანადოდ არცოდნამ ჩააგდო.

რაც ყველაზე საინტერესოა, „რომა“ მიმდინარე სეზონში ტექნიკური წაგებით ერთხელ უკვე დაისაჯა. სერია A-ს პირველ ტურში „ვერონასთან“ ამადუ დიავარა განაცხადში არასწორი სტატუსით შეიყვანეს. იგი დაარეგისტრირეს როგორც 22-წლამდე ფეხბურთელი, არადა, 23-ე დაბადების დღე იმ შეხვედრამდე ორი თვით ადრე ჰქონდა.

გუშინდელი თამაშისას რომაელებს კიდევ ერთი უცნაური ფაქტიც შეემთხვათ - მათმა ორმა ფეხბურთელმა, ჯანლუკა მანჩინიმ და მეკარე პაუ ლოპესმა, წითელი ბარათები ერთწუთიან ინტერვალში მიიღეს. ფონსეკასაც ცვლილებების ლიმიტის დარღვევა სწორედ ამ ორი გაძევების შემდეგ მოუწია.

„რომასა“ და „სპეციას“ მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, სტუმრებმა გამარჯვების გოლები 107-ე და 119-ე წუთებზე შეაგდეს, 4:2 გაიმარჯვეს და თასის 1/4 ფინალში „ნაპოლიზე“ გავიდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლა სპეციელებმა „კოპა იტალიას“ ერთ სეზონში 3 ეტაპი ისტორიაში მეორედ გადალახეს. პირველად მათ ეს შორეულ 1941 წელს გააკეთეს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში