გატუზო:
Aa
Aa

გატუზო: "ნაპოლი ყოველთვის ბრედ პიტი ვერ იქნება"

მიმდინარე სეზონში ჯენარო გატუზოს "ნაპოლი" სერია ა-ში არადამაჯერებლად გამოიყურება. გუნდმა წინა ტურში გაჭირვებით მოუგო "უდინეზეს", ხოლო ორი ტურის წინ კი სახლში "სპეციასთან" დამარცხდა. ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა.

"როდესაც ჩემი მოთამაშეები შიშს ვერ გრძნობენ ასეთ დროს მათ ტექნიკურ ხარვეზებზე არ ვბრაზდები. ვფიქრობ, ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც არაფრის ეშინია. მსურს, რომ მუდმივად ვვითარდებოდეთ.

არ მიყვარს, როცა მცველები გაშვებულ გოლს ერთმანეთს აბრალებენ. ასეთ მომენტში პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს და ასე, როგორც გუნდი უფრო შეკრული ვიქნებით.

ხშირად გვიწევს ზეწოლის ქვეშ ყოფნა და უნდა ვისწავლოთ ასეთ მდგომარეობაში თამაში. კარიერის განმავლობაში არაერთხელ ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში და ჩემთვის ეს ახალი არ არის. თუ მეტყვით, რომ მენტალობის გაწვრთნა და გაუმჯობესება შეუძლებელია მე არ დაგეთანხმებით.

"სპეციასთან" მომხდარმა ძალიან გამაბრაზა. ასეთ სულელურ გოლებს არ უნდა ვუშვებდეთ და მცველები მეტი ყურადღებით უნდა თამაშობდნენ.

ჩვენ ყოველთვის გვინდა, რომ ლამაზ ფეხბურთს ვთამაშობდეთ, მაგრამ არის მომენტები, როდესაც ეს შეუძლებელია. "ნაპოლი" ყოველთვის ბრედ პიტი ვერ იქნება, ქერა თმითა და ცისფერი თვალებით. ხანდახან გუნდი ჩემსავით მახინჯი იქნება. ამ მომენტში ჩვეულებრივზე ცუდად გამოვიყურები, რადგან თვალი კვლავ არასახარბიელო მდგომარეობაში მაქვს. ვიმედოვნებ, მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება." - განაცხადა გატუზომ

შეგახსენებთ, რომ ნეაპოლურ კლუბს 16 ტურის შემდეგ 31 ქულა აქვს და მე-6 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს გატუზოს გუნდი 17 იანვარს შინ "ფიორენტინას" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 15:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები