საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება - რაგბის კავშირს პრეზიდენტი კვლავ არ ჰყავს
Aa
Aa

საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება - რაგბის კავშირს პრეზიდენტი კვლავ არ ჰყავს

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების რეგისტრაცია შეაჩერა.

გუშინ ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ირაკლი აბუსერიძემ საჯარო რეესტრში განცხადება  შეიტანა, რომელშიც ის 30 დეკემბერს ჩატარებულ რაგბის კავშირის განმეორებით ყრილობაზე დაფიქსირებული შედეგების ასახვას მოითხოვს - პრეზიდენტის და გამგეობის წევრების ცვლილებას.

საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე კი განცხადება დაიდო სტატუსით - "სარეგისტრაციო წარმოების ვადის დინება შეჩერებულია".

 რეესტრის გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ხოლო დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განისაზღვრა 30 დღე.

შეგახსენებთ,რომ საქართველოს რაგბის კავშირს, ირაკლი აბუსერიძის სახით, ახალი პრეზიდენტი ჰყავს. საპრეზიდენტო არჩევნებში მან გოჩა სვანიძესა და ბაჩო ხურციძეს აჯობა.

30 დეკემბერს გამართულ არჩევნებზე 43 დელეგატიდან 31-მა მხარი აბუსერიძეს დაუჭირა.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ორჯერ გადაიდო, რის გამოც დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ქართულ რაგბის სრულფასოვანი პრეზიდენტი არ ჰყავდა.

ირაკლი აბუსერიძეს საქართველოს ნაკრების მაისურით 85 შეხვედრა აქვს ჩატარებული. კარიერის დასრულების შემდეგ პოლიტიკაში გადაინაცვლა და "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლის რანგში საქართველოს მე-9 მოწვევის (2016-2020 წ.) პარლამენტის წევრი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები