კვარაცხელია იტალიური გრანდების რადარზე - ქართველი ტალანტი სერია ა-ში?
Aa
Aa

კვარაცხელია იტალიური გრანდების რადარზე - ქართველი ტალანტი სერია ა-ში?

ყაზანის ''რუბინის'' ქართველ შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას იტალიური გრანდები, ''მილანი'' და ''იუვენტუსი'' აკვირდებიან. ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

საფეხბურთო მენეჯერი, რომლის ვინაობა არ სახელდება, პირველ არხთან შემდეგს ამბობს:''დეკემბერში დამიკავშირდა იტალიელი პარტნიორი და მითხრა, რომ ხვიჩას გრანდები, „მილანი“ და „იუვენტუსი“ აკვირდებიან, რომ მის კლუბთან, ყაზანის „რუბინთან“ დაკავშირება და მოლაპარაკება სურთ, საამისოდ კი აუცილებელია, რომ კლუბს ავტორიზებული მენეჯერი ჰყავდეს. მეტს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. მათ ინტერესი გააჩნიათ. მთავარია, ყაზანური კლუბი რა პოზიციას დაიკავებს''.

შეგახსენებთ, გასული წლის ნოემბერში ცნობილი რუსული სპორტული ვებგვერდები,  Sports.ru, Matchtv.ru და Gazeta.ru Transfermarketweb-ზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ „დორტმუნდი“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის თაობაზე „რუბინს“ დაუკავშირდა. აღნიშნული ვებგვერდის მიხედვით, ხვიჩას „ტორინო“ და „ლოკომოტივი“ აკვირდება. „შავ-ყვითლებს“ კი მისი გადაბირება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას სურთ და იმედი აქვთ, „სევილიას“ აჯობებენ, რომელიც კვარაცხელიას შეძენით ასევე სერიოზულად ინტერესდება.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ ლიგაში 16 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა და 3 პენალტი გამოიმუშავა. Sport24-მა რუსეთის პრემიერ ლიგის 2020-21 წლების სეზონის პირველი ნახევრის სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელშიც კვარაცხელია მოხვდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები