Aa
Aa

"მეტოქემ 1 ქულა დაიმსახურა" - კლოპის მატჩისშემდგომი კომენტარი

პრემიერ ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა და გათამაშების ლიდერმა "ლივერპულმა" მე-19 ადგილზე მყოფ "ვესტ ბრომვიჩს" უმასპინძლა და ქულები დაკარგა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. დიდი უპირატესობის ფონზე "მერსისაიდელებმა" გამარჯვება ვერ მოახერხეს.

შეხვედრის შემდეგ იურგენ კლოპმა ჟურნალისტებთან ისაუბრა: "რა თქმა უნდა, ცუდია ვერ მოგება, მაგრამ თამაშის შემდეგ 1 ქულით მეტი გვაქვს და ეს კარგია. ერთადერთი პრობლემა, რომელიც მაქვს არის ის, რომ მეტოქემ მოპოვებული ქულა დაიმსახურა. ეს ჩვენი შეცდომით მოხდა, მაგრამ ვიმეორებ, მათ ეს დაიმსახურეს.

პირველი ტაიმი ცოტა უცნაური იყო. სტატისტიკისთვის არ ჩამიხედავს, მაგრამ ვფიქრობ ბურთის პროცენტული მაჩვენებელი ჩენს სასარგებლოდ დაახლოებით 90-10-ზე იყო. არ მახსოვს მეტოქეს რაიმე შეტევა ან კონტრ-შეტევა განეხორციელებინოს.

ვალდებულები ვიყავით, რომ გაგვემარჯვა. "ვესტ ბრომვიჩი" 95 წუთის განმავლობაში თავს იცავდა და არაფერი შეუქმნია. ასეთ დროს აუცილებლად უნდა გაიმარჯვო. მათ ტაქტიკა არც გაშვებული გოლის შემდეგ არ შეცვალეს.

ანგარიშის გაზრდის უამრავი შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ შევძელით, შეცდომები დავუშვით და ამას უნდა შევეგუოთ. ვეგუებით კიდეც! 

მატიპი ტრავმირებულია და პირველად არ ხდება, როდესაც ცენტრალური მცველი დაზიანებას იღებს. ჟოელი კარგ ფორმაში იყო და მისი დაკარგვა არასასიამოვნოა, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, უნდა შევეგუოთ." - განაცხადა კლოპმა

შეგახსენებთ, რომ მე-15 ტურის შემდეგ "ლივერპული" კვლავ პირველ ადგილზე რჩება. მომდევნო მატჩს "მერსისაიდელები" 30 დეკემბერს, სტუმრად "ნიუკასლის" წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები