Aa
Aa

ბრუტალური ნოკაუტი - ილია თოფურიამ მეტოქე გაანადგურა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ კარიერაში მე-10 გამარჯვება მოიპოვა. UFC Vegas 16-ის ფარგლებში თოფურია დეიმონ ჯექსონს დაუპირისპირდა და მეტოქე უშანსოდ დაამარცხა.

ილიამ ბრძოლა შესანიშნავად დაიწყო და თეიქდაუნების განხორციელების ნაცვლად, მეტოქეს დგომში ჩხუბი შესთავაზა, რაც ჯექსონისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა. თოფურიამ აქცენტი კორპუსში მიყენებულ დარტყმებზე გააკეთა, რამაც შედეგი ძალიან მალე გამოიღო.

ქართველმა მებრძოლმა პირველი რაუნდის დასრულებამდე 2 წუთითა და 22 წამით ადრე, შესანიშნავი კომბინაცია განახორციელა, ბრწყინვალე ნოკაუტი გაიფორმა და UFC-ში მეორე მოგება მიითვალა.

გამარჯვების შემდეგ 23 წლის მებრძოლმა ღონისძიების წამყვანების შეკითხვებს უპასუხა.

„თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ჩემი მწვრთნელი ყოველ ჯერზე მეხუმრებოდა იმის გამო, რომ წინა ბრძოლა ნაადრევად ვერ დავასრულე, მაგრამ ის საუკეთესოა. ვვარაუდობდი, რომ პირველ რაუნდში გავიმარჯვებდი და ყველა ინტერვიუში ამას ვამბობდი. ამჯერად მივაღწიე იმას, რაც მინდოდა. ეს კი შესაფერისი სავარჯიშო კემპის დამსახურება გახლდათ. ძალიან დიდი მსხვერპლი გავიღე. ჩემი შვილის პირველ დაბადების დღეს ვერ დავესწარი და ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო.

კანელოს სტილში კორპუსში განხორციელებულ დარტყმებზე ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი და საბოლოოდ მიზანს მივაღწიე, მეტოქე ნოკაუტში ჩავაგდე. ახლა თავს შესანიშნავად ვგრძნობ და თუ ერთ კვირას მომცემთ, რათა რამე შევჭამო და ვივარჯიშო, შემიძლია ოქტაგონზე დავბრუნდე".

ამრიგად, ილია თოფურიას კარიერაში 10 მოგება და ნული წაგება აქვს, ხოლო UFC-ში მეორე ბრძოლა მოიგო და იმედი ვიქონიოთ, რომ წარმატებულ გზაზე სიარულს განაგრძობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები