ქეცბაია მარადონაზე: ''ცუდია ასეთი დასასრული... ჩემი კუმირი იყო''
Aa
Aa

ქეცბაია მარადონაზე: ''ცუდია ასეთი დასასრული... ჩემი კუმირი იყო''

საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-ფორვარდმა და ''ანორთოსისის'' მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ''პარალიმნისთან'' მოგებული მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დიეგო არმანდო მარადონას შესახებ ისაუბრა.  ''ნიუკასლის'' ექს-ფეხბურთელის აზრით უდიდესი არგენტინელი ფეხბურთელი უფრო დიდი პატივით დაკრძალვას იმსახურებდა, რასაც ხელი კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა.

ქეცბაია: ''მსოფლიოს ვუთანაგრძნობ დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალებას, ის ჩემი და ყველა თაობის კუმირი, იდეალი იყო. მისი თამაშით ბავშვობიდანვე აღფრთოვანებული ვიყავი და ვცდილობდი მისთვის მიმებაძა. სამწუხაროა, რომ 60 წლის ასაკში გარდაიცვალა, თან მაშინ, როცა პანდემიაა და ხალხს საშუალება არ ჰქონდა მისადმი სიყვარული გამოეხატა. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა''.

შეგახსენებთ, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში ქალაქ ტიგრეში, 25 ნოემბერს გარდაიცვალა.

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონს 24 ნოემბრის საღამოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, რის გამოც მის სახლთან არაერთი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა იყო მობილიზებული, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ბოლო პერიოდის განმავლობაში დიეგოს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და 3 ნოემბერს, სუბდურალური ჰემატომის გამო საკმაოდ რთული ოპერაციაც ჩაუტარდა, რის შემდეგაც ჰოსპიტალიდან გაწერეს და მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

არგენტინულ მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია დიეგო მარადონას გარდაცვალების ზუსტი მიზეზის შესახებ. უდიდესი სპორტსმენის სიკვიდილის მიზეზად ფილტვების მწვავე შეშუპება დასახელდა, რაც გულის ქრონიკულმა უკმარისობამ განაპირობა.

1986 წლის მუნდიალის ტრიუმფატორს დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა, რაც გულის პათოლოგიაა და გულის საკანს აფართოებს. ჯანმრთელ გულთან შედარებით მარადონას გული ორჯერ დიდი აღმოჩნდა და ექიმებმა შესასწავლად შეინახეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები