კარგი მატჩი რეალთან - თოკომ ცსკა-ში პირადი რეკორდი დაამყარა
თორნიკე შენგელიამ მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა და ცსკა-ს მაისურით პირადი რეკორდი დაამყარა.
ევროლიგის მე-11 ტურში, მოსკოველებმა მადრიდულ გრანდს დრამატულ ბრძოლაში 74:73 აჯობეს და მიმდინარე გათამაშებაზე მე-8 გამარჯვება იზეიმეს.
თოკომ პარკეტზე 27 წუთი და 31 წამი გაატარა, აქტივში კი 15 ქულა და 7 მოხსნა ჩაიწერა. ქართველი შედეგიანობით ერთადერთ კალათბურთელს, მაიკ ჯეიმსს ჩამორჩა, რომელმაც 28 ქულა ჩააგდო.
ცსკა ევროლიგის სატურნირო ცხრილს „ბარსელონასთან“ ერთად, 8 მოგებით ლიდერობს, თუმცა მოსკოველებმა კატალონიელებზე 2-ით მეტი მატჩი ჩაატარეს. რუსები მომდევნო ტურში „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლებენ.
რაც შეეხება შენგელიას, იგი ხვალ ფინეთში, საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ჩავა. ჩვენი გუნდი ფინეთთან და შვეიცარიასთან შეხვედრებისთვის ქალაქ ესპოოში ემზადება.