მესი, ვიტინია, ერთა ლიგის ფინალი - პედრის ინტერვიუ პორტუგალიასთან მატჩის წინ
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთი პორტუგალიას დაუპირისპირდება. ეს გუნდები ბოლოს ერთმანეთს შარშან, ერთა ლიგის ფინალში შეხვდნენ, როცა ძირითადი დრო 2:2 მორჩა, რობერტო მარტინესის გუნდმა კი პენალტების სერიაში გაიმარჯვა და ერთა ლიგა მეორედ მოიგო.
მერვედფინალური მატჩის წინ ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა, პედრიმ ადგილობრივ AS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პორტუგალიასთან მატჩის ჩანაწერი ჯერ არ გაუანალიზებიათ, თუმცა ლუის დე ლა ფუენტეს სამწვრთნელო შტაბი ამას აუცილებლად გააკეთებს.
„ვნახავთ, რისი გამოსწორება შეიძლება და რომელ ასპექტებში გვაქვს მოსამატებელი. გვინდა, ეს ისტორია წარსულს ჩავაბაროთ და რევანში ავიღოთ“.
შენ და ვიტინიას ხშირად ერთ კონტექსტში გახსენებენ, ერთმანეთის წინააღმდეგ ბევრჯერ გითამაშიათ, მათ შორის გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზეც. რას იტყვი მასზე?
ვიტინია ტოპ-ფეხბურთელია. ის, თუ როგორ აკონტროლებს ბურთს, როგორ მართავს მატჩის ტემპს... ყველაზე მეტად იმან გამაოცა, თუ რამდენს დარბის ვიტინია. ის არასოდეს ჩერდება და ყოველთვის შეუძლია, თავისუფალი თანაგუნდელი მოძებნოს. ვიტინია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია.
2025 წელს „ოქროს ბურთის“ მოგების პრეტენდენტები იყავით. ვიცით, რომ კოლექტიური ჯილდოები უფრო გაინტერესებს, მაგრამ ოცნებობ თუ არა „ოქროს ბურთზე“?
„ოქროს ბურთზე“ ყველა ფეხბურთელი ოცნებობს. მართალია, მე უფრო გუნდური ტიტულები მაინტერესებს, თუმცა თუ ამ კითხვას ნაკრების ნებისმიერ ფეხბურთელს დაუსვამთ, „ოქროს ბურთზე“ ყველა ოცნებობს.
„ბარსელონაში“ ლეო მესისთან ერთად თამაში მოასწარი. უყურებ, როგორ ასპარეზობს ამ მუნდიალზე? და თუ ოცნებებზე ვსაუბრობთ... ისურვებდი მესის წინააღმდეგ ფინალში თამაშს?
რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ ფინალში ვითამაშებდით, რაც ძალიან მინდა. მესის თამაშის ყურება დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მასთან ერთად მივარჯიშია და წარმოუდგენელი რაღაცები მინახავს. ახლა კი, რასაც ამ ასაკში მსოფლიო ჩემპიონატზე აკეთებს, ეს მხოლოდ მესის თუ შეუძლია. ჩემი აზრით, ის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა.
ცნობისთვის, ესპანეთი-პორტუგალიის მატჩი 6 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.