''დიქსონის ოჯახი ჩინეთში არ იმყოფება'' - ჩინეთის საელჩომ მაიკლს უპასუხა
Aa
Aa

''დიქსონის ოჯახი ჩინეთში არ იმყოფება'' - ჩინეთის საელჩომ მაიკლს უპასუხა

მაიკლ დიქსონის ემოციურ მიმართვას საქართველოში ჩინეთის საელჩომ ვრცელი პასუხი გასცა, რომლის მიხედვით სპორტსმენმა ვიზა კორონავირუსით არსებული რთული ვითარების გამო ვერ მიიღო. გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიქსონის ოჯახის წევრები ამჟამად ჩინეთში არ იმყოფებიან.

''როგორც ჩვენი საელჩოსთვის გახდა ცნობილი, 6 ნოემბერს ბ-ნ მაიკლ დიქსონმა POSTV-ს საშუალებით გამოაქვეყნა ვიდეო მიმართვა, რომელიც ბოლო დროს საქართველოში ჩინეთის საელჩოში საკონსულო მომსახურების მოთხოვნისას ვიზის ვერმიღებას შეეხება. ამასთან დაკავშირებით ჩვენი საელჩო აცხადებს, რომ ვიზა ერთგვარი ნებართვაა, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლების მიერ უფლებამოსილი ორგანო ამ ქვეყნის კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასცემს ამ ქვეყანაში შესვლის, ქვეყნიდან გასვლის ან მის ტერიტორიაზე ტრანზიტის განხორციელებისათვის. ახალი კორონავირუსით გამოწვეული გლობალური პანდემიის ფონზე, საერთაშორისო მოგზაურობისას ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვისა და ეპიდემიის საერთაშორისო გავრცელების რისკის შესამცირებლად, ჩინეთის სახელმწიფომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსასვლელ სავიზო პოლიტიკაში კორექტივები შეიტანა, რაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გავრცელებული პრაქტიკაა. ჩინური მხარის მიერ დაკორექტირებული სავიზო პოლიტიკა ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ერთნაირად ეხება. ბ-ნ მაიკლ დიქსონის მიერ წარმოდგენილი მოწვევის წერილი გაცემულია ჩინეთის ერთ-ერთი ქალაქის მიერ, რომელიც გაცვლითი და კვლევითი მიზნებისათვის ვიზიტის განხორციელების საშალებას იძლევა. მის მიერ წარომდგენილი მოწვევის წერილი ოჯახის მონახულების მიზნით ვიზიტის საფუძველს არ წარმოადგენს და ამასთანავე, მისი ოჯახის წევრები ამჟამად ჩინეთში არ იმყოფებიან."


შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი, მაიკლ დიქსონი, რომელიც ნაკრების რიგებში ამ ეტაპზე აღარ ირიცხება, მაგრამ საქართველოს მოქალაქეა POSTV-ის რედაქციას დაუკავშირდა და საგანგებო განცხადება გააკეთა.

დიქსონი უახლოეს პერიოდში შვილს ელოდება და ოჯახზე საზრუნავად ქვეყნის დატოვება ესაჭიროება, თუმცა ამას ვერ ახერხებს. მაიკლმა ვიზა ვერ აიღო და როგორც თავად აცხადებს, ჩინეთის საელჩოში უპატივცემულოდ და დამამცირებლად მოექცნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები