კვარაცხელიას  სუსტი თამაში და ძალიან დაბალი შეფასება
Aa
Aa

კვარაცხელიას სუსტი თამაში და ძალიან დაბალი შეფასება

ბელარუსთან მიღებული ტრავმა ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლომდე მოიშუშა და რუსეთის პრემიერ ლიგის მე-12 ტურში ''ზენიტის'' წინააღმდეგ ყაზანის ''რუბინის'' სასტარტო თერთმეტეულში მოხვდა, თუმცა ძალიან არაპროდუქტიული იყო.

ბოლო 28 დღეში, საკლუბო და სანაკრებო მატჩების ჩათვლით, კვარაცხელიამ მე-6 მატჩი ჩაატარა. მათგან სამ მატჩში გოლი გაიტანა (როტორთან, ახმატთან და ბელარუსთან). შესაძლოა, 19 წლის ტალანტი გადაღლილია და მისი საკმაოდ ინერტული თამაში ამ მიზეზით აიხსნება.

მეორეს მხრივ მას ტრავმა აწუხებდა და შესაძლოა ტრავმის ბოლომდე მოშუშების შემდეგ შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენა უჭირს და დრო სჭირდება. ფაქტია, არაპროდუქტიულობის მიუხედავად სლუცკიმ ქართველი შემტევი 90 წუთი ათამაშა და მხოლოდ მესამე დამატებულ წუთზე შეცვალა.

''რუბინის'' ფეხბურთელთა შორის ყველაზე დაბალი შეფასება კვარაცხელიამ მიიღო. მას SofaScore-მა 6,1 დაუწერა. ორივე გუნდის მხრიდან მასზე უარესი შეფასება ''ზენიტის'' მეკარე მიხაილ კერჟაკოვმა (6,0) და ''ზენიტის'' მცველმა ვიაჩესლავ კარავაევმა (6,0) მიიღეს.

რაც შეეხება მატჩს, ''ზენიტი'' 1:2 დამარცხდა. მასპინძლები 26-ე წუთზე დაწინაურდნენ, თუმცა დესპოტოვიჩისა და იევტიჩის გოლებით ყაზანურმა გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

16-გუნდიან ჩემპიონატს ''ზენიტი'' (12 მატჩი) და მოსკოვის ''სპარტაკი'' (11 მატჩი) 24-24 ქულით ლიდერობენ. ''რუბინი'' 18 ქულით მე-9 ადგილზეა. ამდენივე ქულაა ''კრასნოდარის'' ანგარიშზე, რომელიც მე-8 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები