''ფეხბურთის გიჟი და ფანატი იყო'' - ექს-თანაგუნდელებმა 19 წლის კანკავა გაიხსენეს
Aa
Aa

''ფეხბურთის გიჟი და ფანატი იყო'' - ექს-თანაგუნდელებმა 19 წლის კანკავა გაიხსენეს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-ფეხბურთელებმა ლადო ბურდულმა და ვიტალი დარასელიამ გადაცემაში ''ბურთი და მოედანი'' ყოფილი თანაგუნდელის, ჯაბა კანკავას შესახებ ისაუბრეს. მათ ჯაბა კანკავას კარიერის საწყისი ეტაპები გაიხსენეს, როცა ეროვნული გუნდის ამჟამინდელი კაპიტანი თბილისის ''დინამოსა'' და ვლადიკავკაზის ''ალანიაში'' ასპარეზობდა.

ლადო ბურდული: ''არავის ეწყინება, ამ გუნდში კანკავა ერთპიროვნული ლიდერია. თანაგუნდელები ვიყავით, ჩვენს ხელში გაიზარდა. ფეხბურთის ფანატი იყო, ვლადიკავკაზში ერთად ვცხოვრობდით. ღამე, როცა გვეძინა, ადგებოდა და ვარჯიშობდა ხოლმე''.

ვიტალი დარასელია: ''მაკედონიასთან ჯაბას ძალიან დიდი იმედი მაქვს. ის საქართველოს ნაკრების გული და სულია.

''ალანიაში'' ერთად ვიყავით, ღამე ბაზაზე მოდიოდა და მეუბნებოდა წამო კარიდან-კარში ვითამაშოთო, ძალით მათამაშებდა ღამის 12-ის ნახევარზე.

ძალიან თავდადებულია. უპირველესად ფეხბურთელი პიროვნება უნდა იყო, კაცი უნდა იყო თორემ ფეხბურთს ვერ ითამაშებ. ჯაბას ფეხბურთი სიგიჟემდე უყვარდა, ჩვენს ხელში გაიზარდა, ფეხბურთის გიჟი იყო.

მაშინ ''ალანიაში'' მთავარი მწვრთნელი ბახვა თედეევი იყო და ის ჩვენ აზრს ხშირად გვეკითხებოდა. მახსოვს პერმში გვქონდა თამაში და თედეევს ვუთხარი, რომ სასტარტოში დაეყენებინა. პირველი ტაიმის მიწურულს შეცვალეს, შემდეგ მეორე თამაში ''მისცეს'', მესამე თამაში ''მისცეს'', მაგრამ ვარჯიშობდა... ჯაბამ ყველაფერს შრომით მიაღწია, ამიტომ მიყვარს და დიდ პატივს ვცემ''.

2004 წელს ლადო ბურდული და ჯაბა კანკავა თბილისის ''დინამოში'' თანაგუნდელები იყვნენ. 2005 წელს კანკავა, ბურდული და დარასელია რუსეთის პრემიერ ლიგის კლუბ ვლადიკავკაზის ''ალანიაში'' ერთად ასპარეზობდნენ. კანკავა ''ალანიაში'' 19 წლის ასაკში ასპარეზობდა, მან დაახლოებით ერთწლიან პერიოდში რუსეთის პრემიერ ლიგისა და თასის ჩათვლით 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი კარიერა უკრაინულ კიევის ''არსენალში'' გააგრძელა.

მასალაში გამოყენებულია gff.ge-სა და gettyimages-ის ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები