არველაძე: ''ფინალში ქომაგთან ერთად უნდა გავიმარჯვოთ''
Aa
Aa

არველაძე: ''ფინალში ქომაგთან ერთად უნდა გავიმარჯვოთ''

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსი თორნიკე ოქრიაშვილის ერთადერთი გოლით დაამარცხა. ვლადიმირ ვაისის გუნდს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე ერთი შეხვედრა აშორებს.

აღნიშნულ გამარჯვებას საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველადროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე გამოეხმაურა.

შოთა არველაძე: ''ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ეს შედეგი დადგებოდა და მატჩის შემდეგ მთელი საქართველო იზეიმებდა. ვფიქრობ, ნახევარფინალისტებს შორის საუკეთესო გუნდი გვყავს და ფინალში, ამჯერად სტადიონზე მყოფ მაყურებელთან ერთად უნდა გავიმარჯვოთ! გილოცავთ ბიჭებო, ვულოცავ მწვრთნელს და ყველა გულშემატკივარს''.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში საქართველოს ნაკრები მაკედონიას დაუპირისპირდება. ნახევარფინალში მაკედონიამ კოსოვო 2:1 დაამარცხა, ხოლო საქართველომ ოქრიაშვილის გოლით ''დინამო არენაზე'' ბელარუსს მოუგო.

ფინალური შეხვედრა საქართველოსა და მაკედონიას შორის 12 ნოემბერს, თბილისში, ''დინამო არენაზე'' შედგება. თუ აღნიშნულ მატჩს ქართველი ფეხბურთელები მოიგებენ, საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, რაც ქართული ფეხბურთისთვის უდიდესი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები