Aa
Aa

"ეს ბრწყინვალე შეგრძნებაა" - კაშია უეფა-ს ოფიციალურ საიტთან

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, გურამ კაშიამ ბელარუსთან გამარჯვების შემდეგ uefa.com-თან მოკლე კომენტარი გააკეთა. 33 წლის მცველმა ემოციები არ დამალა და აღნიშნა, რომ თამაშმა დიდი ენერგიაც წაიღო.

"ეს ბრწყინვალე შეგრძნებაა, მაგრამ წინ კიდევ ერთი ბარიერია, რათა ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდეთ. დღევანდელ თამაშს დიდი ენერგია შევალიეთ. ახლა ბედნიერები ვართ, ხვალიდან კი უკვე შემდეგ მატჩზე ვკონცენტრირდებით. ჩვენ ერთა ლიგის ამ ჯგუფის მოგებაც გვსურს", - ციტირებს კაშიას უეფა-ს ოფიციალური საიტი.

View this post on Instagram

გამარჯვებული გუნდი ????????????????????????

A post shared by Georgia • GFF (@georgiagff) on Oct 8, 2020 at 11:00am PDT

გურამ კაშიამ საქართველოს ნაკრების მაისურით მე-80 შეხვედრა ჩაატარა, რაც "ჯვაროსანთა" ისტორიაში მე-5 შედეგია. გამოცდილი უკანახაზელი ამ მხრივ მხოლოდ ლევან კობიაშვილს (100); ზურაბ ხიზანიშვილს (92); ჯაბა კანკავასა (89) და კახა კალაძეს (83) ჩამორჩება.

უეფა-ს ვებგვერდმა ვლადიმირ ვაისის მოკლე კომენტარიც გაავრცელა: "ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ და ახლა ბედნიერები ვართ. პირადად მე ბედნიერი ვარ ბიჭებისა და მთლიანად ქვეყნის გამო, მაგრამ მისია ჯერ არ შეგვისრულებია. ფინალურ მატჩში თბილისში უფრო ძლიერი გუნდი ჩამოვა".

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ბელარუსი თორნიკე ოქრიაშვილის ზუსტად შესრულებული პენალტით 1:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს შეხვდება. თამაში თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე", 12 ნოემბერს ჩატარდება.

აღნიშნულ მატჩამდე "ჯვაროსნები" ერთა ლიგის C ლიგაზე გამოსვლას გააგრძელებენ და 11 ოქტომბერს - სომხეთს, 14 ოქტომბერს კი იმავე ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები