გამყრელიძე: ''ბელარუსთან მატჩი მაყურებლების გარეშე უნდა ჩატარდეს''
Aa
Aa

გამყრელიძე: ''ბელარუსთან მატჩი მაყურებლების გარეშე უნდა ჩატარდეს''

უდიდესი ალბათობით, ერთა ლიგის ნახევარფინალის მატჩს საქართველოსა და ბელარუსს შორის ქომაგები არ დაესწრებიან. ამ თემაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა. 

ამირან გამყრელიძე: ''ჩემი პირადი რეკომენდაცია არის ის, რომ თამაში უნდა ჩატარდეს მაყურებლის გარეშე. უეფა-მ ეს გადასაწყვეტად ქვეყნებს დაუტოვა, სტადიონის საერთო მაყურებლის 30% დასწრებით.

ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების ეტაპზე ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, რეკომენდაციას ვერ მივცემთ იმის შესახებ, რომ მატჩი მაყურებლის დასწრებით ჩატარდეს''.

გასულ კვირაში ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ კორონავირუსის მიუხედავად საქართველოსა და ბელარუსის მატჩზე ქომაგთა დასწრების გადაწყვეტილება მიიღო, ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ უეფა-ს ეგიდით გასამართ ნებისმიერ მატჩზე გულშემატკივრების 30% დაიშვება. "დინამოს" სტადიონზე კი მაყურებლების 30% 16-17 ათას ადამიანს შეადგენს.

თემაზე ასევე გააკეთა კომენტარი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ: "ჩვენ ვისაუბრეთ რისკებთან დაკავშირებით, რამდენად დიდია რისკი, თუ ჩატარდება საფეხბურთო მატჩი, როგორი იქნება ვირუსის გავრცელება, მაგრამ 8 რიცხვამდე საბჭო კიდევ შეიკრიბება და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ გავეცით რეკომენდაცია, რომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, თამაშზე მაყურებლის დასწრება, რეკომენდებული არაა".

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილების მიუხედავად, საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ უნდა მიიღოს, თუმცა, როგორც ჩანს, მთავრობა ქომაგთა დასწრების წინააღმდეგია და შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე პოზიციის რადიკალურად შეცვლის მოლოდინი მიზერულია.

შეგახსენებთ, საქართველო-ბელარუსის მატჩი 8 ოქტომბერს ''დინამო არენაზე'' გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები