''რამდენი ხანია ამ თამაშს ველოდებით'' - კაკაბაძე ბელარუსთან მატჩზე
Aa
Aa

''რამდენი ხანია ამ თამაშს ველოდებით'' - კაკაბაძე ბელარუსთან მატჩზე

ოთარ კაკაბაძე შვეიცარიიდან ესპანეთში დაბრუნდა. სანაკრებო პაუზამდე 25 წლის მარჯვენა მცველმა ''ტენერიფეში'' სადებიუტო მატჩი ჩაატარა. ფრან ფერნანდესის გაწვრთნილი ''ტენერიფე'' სტუმრად ''მალიორკასთან'' დამარცხდა და ქართველის დებიუტი წარუმატებელი გამოვიდა.

ოთარ კაკაბაძე CrystalSport-თან საუბარში აცხადებს, რომ მთავარი მწვრთნელი მის მიმართ ძალიან დადებითადაა განწყობილი და ნდობას უცხადებს: ''ის კარგად დამხვდა, თანაგუნდელებმაც კარგად მიმიღეს. 4 ვარჯიშის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა მითხრა, რომ სურდა ''მალიორკასთან'' მეთამაშა. ასეც მოიქცა და სასტარტოში ვითამაშე. მწვრთნელის მხრიდან ნდობის ფაქტორი მნიშვნელოვანია და ამ მხრივ ყველაფერი კარგადაა''.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა ბელარუსთან მატჩამდე მის სათამაშო კონდიციებს ეხებოდა: ''ახლა რომ ფორმაში ვარ, ასეთ კონდიციებში ბოლოს 2018 წელს ''ხიმნასტიკში'' ვიყავი. დიდი ხანი გამიცდა, ტრავმებს ტრავმები მოსდევდა, მაგრად დღეს ყველაფერი კარგად არის და 100%-ით მზად ვარ''.

ტენერიფე

პირველივე დღეს მივხვდი, რომ დიდი ტრადიციების მქონე კლუბში მოვხვდი. თუ როგორ დამხვდნენ და როგორ მიმიღეს, აქედან გამომდინარე კარგად ჩანდა, რომ ''ტენერიფე'' ისტორიული კლუბია.

იმ ქალაქებში, სადაც მითამაშია და ვთამაშობ შეიძლება ითქვას რომ გამიმართლა. ხშირად საზღვაო ქალაქის კლუბებში მიწევს ყოფნა, თუმცა ქალაქის მდებარეობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია კარგი გუნდი, კარგი ჩემპიონატი და თამაში.

ესპანური და შვეიცარიული ფეხბურთის განსხვავებები

ესპანეთისა და შვეიცარიის ჩემპიონატებს შორის განსხვავება ფეხბურთის სტილშია. ასევე, მწვრთნელის მოთხოვნებში, გარკვეულ დეტალებს ესპანეთში უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ. საერთო ჯამში ესპანური ფეხბურთი უფრო მეტად მიზიდავს. ამ ფაქტორის მიუხედავად, შვეიცარიაში დიდი გამოცდილება მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტრავმა გადავიტანე, საკმაოდ ბევრი მატჩი ჩავატარე მაღალი დონის კლუბებთან.

''ლუცერნში'' ჩემი ერთადერთი პრობლემა ტრავმები იყო. ''ლუცერნს'' ისეთი სათამაშო სქემა ნამდვილად არ ჰქონია, რომ თამაში გამჭირვებოდა.

ლა ლიგაში ჩაშლილი ტრანსფერი

2018 წლის ზაფხულში ლა ლიგიდან რეალურ წინადადებას სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე ველოდებოდი. ''ხეტაფეს'' გარდა სხვა კლუბების მხრიდან ინტერესი არ ყოფილა. სამწუხაროდ, ''ხეტაფეს'' ვარიანტი ჩაიშალა და ''ხიმნასტიკში'' დარჩენას ''ლუცერნში'' გადასვლა ვამჯობინე.

ესპანეთში დაბრუნების მოტივაცია

ესპანეთში დაბრუნების მიზეზი და მიზანი ლა ლიგაში თამაშია. ვეცდები კარგი სეზონი ჩავატარო და ''ტენერიფესთან'' ერთად ლა ლიგაში თამაშის უფლება მოვიპოვო. თუ გუნდი ლა ლიგაში ვერ გადავა, ჩემი მიზანი არ შეიცვლება.

როგორც მახსოვს, ჩემს ახალ კლუბს ამ მიზნის მისაღწევად ბოლო წლებში მცირედი აკლდებოდა. იმედი მაქვს  ეს სეზონი გამონაკლისი იქნება და ჩემთან ერთად გაუმართლებთ.

კიდევ ერთი უცხო ენა

შვეიცარია ესპანეთისგან გამოირჩევა იმით, რომ ინგლისურად ყველა საუბრობს. მიუხედავად ამისა, გერმანულს ვსწავლობდი. ვერ გეტყვით, რომ გერმანულად უშეცდომოდ ვლაპარაკობ, მაგრამ გარკვეულ დონემდე ათვისება მოვასწარი.

ოთარ კაკაბაძე მაკედონიასთან მატჩში

ოთარ კაკაბაძე თვლის, რომ 2018 წელს ''ხიმნასტიკიდან'' ''ლუცერნში'' გადასვლა სწორი ნაბიჯი იყო და ანალოგიურ ვითარებაში დღესაც ასე მოიქცეოდა: ''ბევრჯერ მკითხეს რატომ წავედი შვეიცარიულ კლუბში. ბევრი თვლის, რომ შევცდი, მაგრამ მათ კარგად არ იციან ზუსტად რა მდგომარეობაში ვიყავი. დღესაც ანალოგიურ გადაწყვეტილებას მივიღებდი. ნამდვილად არაფერს ვნანობ. არსებობდა ორი ვარიანტი: ''ხიმნასტიკში'' დარჩენა და ''ლუცერნში'' გადასვლა. იმ პერიოდში ''ხიმნასტიკი'' ლიდერებმა დატოვეს და ახალ სეზონში აუტსაიდერთა შორის იქნებოდა. მეორე ვარიანტი ''ლუცერნი'' იყო, რომელიც ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა. ეს არის იმ რეალობიას ნათელი სურათი. ლა ლიგაში ჩემი ვერგადასვლა შესაძლოა გარკვეული იყო ვიღაც-ვიღაცების გამო, მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს''.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ოთარ კაკაბაძე

8 ოქტომბერს ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელარუსს შეხვდება. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს კაკაბაძე მოუთმენლად ელის: ''რამდენი ხანია, რაც ამ მატჩს ველოდებით და ხალხის გარეშე ცარიელ ტრიბუნებზე თამაში საცოდაობა იქნება. უეფას მიღებული გადაწყვეტილება გულშემატკივრის დასწრების შესახებ რომ გავიგეთ, ძალიან გაგვიხარდა. ერთად უნდა დავამარცხოთ ბელარუსის ნაკრები ამ ისტორიულ შეხვედრაში''.

ინტერვიუს ჩაწერისას საქართველოს მთავრობის მიერ მატჩზე ქომაგთა დასწრების საკითხი გადაწყვეტილი არ იყო, თუმცა შემდგომში ამ თემაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა: ''ჩემი პირადი რეკომენდაცია არის ის, რომ თამაში უნდა ჩატარდეს მაყურებლის გარეშე. უეფა-მ ეს გადასაწყვეტად ქვეყნებს დაუტოვა, სტადიონის საერთო მაყურებლის 30% დასწრებით. ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების ეტაპზე ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, რეკომენდაციას ვერ მივცემთ იმის შესახებ, რომ მატჩი მაყურებლის დასწრებით ჩატარდეს''.

თემაზე ასევე გააკეთა კომენტარი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ: "ჩვენ ვისაუბრეთ რისკებთან დაკავშირებით, რამდენად დიდია რისკი, თუ ჩატარდება საფეხბურთო მატჩი, როგორი იქნება ვირუსის გავრცელება, მაგრამ 8 რიცხვამდე საბჭო კიდევ შეიკრიბება და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ გავეცით რეკომენდაცია, რომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, თამაშზე მაყურებლის დასწრება, რეკომენდებული არაა".

გასულ კვირაში ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ კორონავირუსის მიუხედავად საქართველოსა და ბელარუსის მატჩზე ქომაგთა დასწრების გადაწყვეტილება მიიღო, ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ UEFA-ს ეგიდით გასამართ ნებისმიერ მატჩზე გულშემატკივრების 30% დაიშვება. "დინამოს" სტადიონზე კი მაყურებლების 30% 16-17 ათას ადამიანს შეადგენს. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილების მიუხედავად, საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ უნდა მიიღოს, თუმცა, როგორც ჩანს, მთავრობა ქომაგთა დასწრების წინააღმდეგია და შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე პოზიციის რადიკალურად შეცვლის მოლოდინი მიზერულია.

შეგახსენებთ, საქართველო-ბელარუსის მატჩი 8 ოქტომბერს ''დინამო არენაზე'' გაიმართება.

ფოტო: gff, gettyimages

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები