Aa Aa
1 ოქტომბერი 2020  |  16:48

კავანი ნერვიულობს - ურუგვაელი ისევ კლუბის გარეშეა

2019/2020 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ედისონ კავანის პსჟ-სთან არსებული კონტრაქტი დაუმთავრდა და გუნდი დატოვა. ამის შემდეგ მისით რამდენიმე კლუბი ინტერესდებოდა, მაგრამ ჯერჯერობით ურუგვაელი ისევ უგუნდოდ გახლავთ.

სპორტული გამოცემა GOAL გვამცნობს, რომ ედისონი მის გარშემო შექმნილ ვითარებაზე ძალიან ნერვიულობს. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ რაღაც 4 დღე დარჩა და რეალური ინტერესი კვლავ არ არსებობს.

სხვადასხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით ცნობილი გახდა, რომ ვეტერანი თავდამსხმელით მადრიდის "ატლეტიკო" დაინტერესდა. ესპანურმა კლუბმა კავანის 1+1 კონტრაქტი შესთავაზა, რაზეც მან თანხმობა განაცხადა, თუმცა არსებობს ერთი გარემოება, რის გამოც ედისონი "როხიბლანკოში" ვერ გადადის.

სულ ცოტა ხნის წინ სიმეონეს გუნდს ლუის სუარესი შეუერთდა და კლუბში 3 ნომინალური ფორვარდი დაგროვდა. ესენი არიან ხსენებული სუარესი, დიეგო კოშტა და ჟოაო ფელიქსი. შეგახსენებთ იმასაც, რომ "ატლეტიკო" ალვარო მორატამ დატოვა და სათამაშოდ 1 წლიანი იჯარის წესით "იუვენტუსში" გადავიდა.

დავუბრუნდეთ ხელისშემშლელ გარემოებას. იმისათვის, რომ კავანი "ატლეტიკოს" შეუერთდეს, აუცილებელია, რომ კლუბი დიეგო კოშტამ დატოვოს. ამ ფაქტთან დაკავშირებით ცნობილია, რომ ბრაზილიური ფესვების მქონე ესპანელს, დარჩენილი კონტრაქტის მიხედვით გათვალისწინებული ხელფასის მთლიანად მიღება სურს, რაზეც ხელმძღვანელობა წინააღმდეგია. აქედან გამომდინარე დიეგოს გუნდიდან წასვლა იწელება.

GOAL კიდევ ერთ ინფორმაციას გვაწვდის. ვიგებთ, რომ სერხიო რამოსის ძმა, რენე რამოსი კავანის ახლო მეგობარია და მისი საშუალებით ურუგვაელი "ბლანკოსს" დაუკავშირდა და საკუთარი თავი შესთავაზა, მაგრამ ზინედინ ზიდანმა ახალი ფეხბურთელის ხილვაზე უარი განაცხადა. მისი თქმით "რეალის" შემტევი ხაზი მთლიანად დაკომპლექტებულია.

ამრიგად 33 წლის თავდამსხმელს საფიქრალი არ ელევა. როგორც უკვე მოგახსენეთ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 4 დღე არის დარჩენილი და თუ ხსენებულ პერიოდში კავანიმ ახალი კლუბი ვერ იპოვა, მომავალ სეზონს ის იძულებით შვებულებაში გაატარებს.

 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში