შენგელიას ბრწყინვალე მატჩი: დუბლი სტამბოლის ბეშიქთაშთან
Aa
Aa

შენგელიას ბრწყინვალე მატჩი: დუბლი სტამბოლის ბეშიქთაშთან

თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში ლევან შენგელიამ პირველი გოლი ''ბეშიქთაშს'' გაუტანა. მესამე ტურში ''ქონიასა'' და სტამბოლური გრანდის შეხვედრაში ქართველმა ნახევარმცველმა ანგარიში თავური დარტყმით 28-ე წუთზე გახსნა. შენგელიას მისამართით გადაცემა ოლე შაჰინერმა შეასრულა.

შენგელიას პირველი გოლი

პირველი ტაიმი შენგელიას გოლით ''ქონიას'' გამარჯვებით დასრულდა.

55-ე წუთზე არბიტრმა ქართველი ფეხბურთელი გააფრთხილა. 63-ე წუთზე ''ქონიამ'' უპირატესობა ორამდე გაზარდა.

78-ე წუთზე ლევან შენგელიამ დუბლი შეასრულა და ანგარიში მასპინძელთა სასარგებლოდ 3:0 გახდა.

შენგელიას მეორე გოლი

81-ე წუთზე ''ქონიამ'' მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. შენგელიას გუნდმა მეტოქე 4:0 გაანადგურა.

ორი ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ''ქონიას'' ანგარიშზე 4 ქულაა.

ლევან შენგელია თურქეთის ჩემპიონატში მეორე სეზონს ატარებს. 2019-20 წლების სეზონში თურქეთის უმაღლეს ლიგაში 23 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი შთამბეჭდავი თამაში ''ტრაბზონთან'' ბოლოსწინა ტურში, როცა 81-ე წუთამდე ''ტრაბზონი'' 3:1-ს იგებდა, თუმცა 81-ე წუთზე შენგელიამ შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით ანგარიში შეამცირა. 88-ე წუთზე მან პენალტი გამოიმუშავა, მისი წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი სკუბიჩმა შეაგდო, ხოლო პირველ დამატებულ წუთზე შენგელიას საგოლე პასს ტურამის გამარჯვების გოლი მოჰყვა. 

თურქული გუნდის გარდა შენგელიას უთამაშია ბელგიურ ''ტუბიცესა'' და სამხრეთ კორეის ჩემპიონატში. 2018-19 წლებში თბილისის ''დინამოს'' რიგებში ძალიან პროდუქტიული იყო და კარიერა გაცილებით მაღალი დონის თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელა. ამასთან ერთად ადგილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დაიმკვიდრა და მას ვლადიმირ ვაისი ეროვნულ გუნდში რეგულარულად იწვევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები