ფიფია: ''ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მარცხს არავინ გვაპატიებდა და აქ დარჩით-მეთქი''
Aa
Aa

ფიფია: ''ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მარცხს არავინ გვაპატიებდა და აქ დარჩით-მეთქი''

საფეხბურთო კლუბ თბილისის ''დინამოს'' პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ტელეკომპანია ''იმედის'' ეთერში ფარერის კუნძულებზე განცდილი მძიმე მარცხის შესახებ ისაუბრა. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მფლობელის თქმით კლუბში ცვლილებები არ იქნება და ჩისკო გუნდში 3 წელი იმუშავებს.

რომან ფიფია: ''ვერ წარმოვიდგენდი, რომ ფარერის კუნძულების გუნდთან დავმარცხდებოდით. პირველი და მეორე გაშვებული გოლის შემდეგ თამაში ვერ შემოვატრიალეთ. ლიდერობა ვერავინ იტვირთა, მათ ვერ ივაჟკაცეს.

კუნძულზე ორი დღით ადრე ჩავედით, რომ გუნდს კარგად დაესვენა და ფეხბურთელები თამაშისთვის კარგად მომზადებულიყვნენ.

ფარერის კუნძულებზე ბოლო წლებში ფეხბურთი წინ წავიდა, თუმცა მარცხი ძალიან მტკივნეულია. წილისყრაში ძალიან გაგვიმართლა, თუმცა სამწუხაროდ დავმარცხდით.

მატჩამდე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ აქ თუ დავმარცხდებით, შეგიძლიათ აქ დარჩეთ-მეთქი. ხუმრობით ვთქვით, თუმცა მათ ავუხსენი, რომ მარცხს არავინ გვაპატიებდა და თვითმფრინავი ცარიელი წამოვიდოდა.

ფეხბურთელობისას ჩისკოს ხელფასი 25 000 ევრო იყო, გიორგი ლორიასი კი - 20 000 აშშ დოლარი. ასეთი გუნდიც გვყავდა, თუმცა იღბალმა არ მოგვცა ჯგუფში თამაშის შანსი.

საშუალო დონის ფეხბურთელის ჩამოსაყვანად 30 000 აშშ დოლარია საჭირო, მაგრამ ამის ფინანსური რესურსი დღეს ჩვენს კლუბში არაა.

წერენ, რომ თბილისის ''დინამო'' ფიფიამ ბიზნესად გადააქციაო. ჩვენი აკადემიის გაზრდილ ფეხბურთელებს უცხოეთში წასვლა უნდათ. ვგულისხმობ დავითაშვილს, ჩაკვეტაძეს და ასე შემდეგ. მათ უკეთეს ჩემპიონატში თამაში სურდათ და წავიდნენ. ასე ფიქრობენ აკადემიის სხვა აღზრდილები.

ჩისკოს ვაძლევ 3 წელს. იქნება პროგრესი? ჩისკო იმუშავებს 5 წელი. მე ამ დაპირებას ვიძლევი''.

თბილისის ''დინამოს'' პრეზიდენტმა ესპანელი ალექს გარსიას ''დინამოში'' მუშაობის პერიოდი გაიხსენა: ''ალექს გარსიას ეგონა, რომ თუ ქართველ ფეხბურთელს ინდივიდუალურად დაავალებდა, ქართველი ფეხბურთელი ამას შეასრულებდა. ალექს გარსიას არ ესმოდა, რომ მეორე ტაიმში გუნდს ფიზიკურად თამაში ძალიან უჭირდა და მოთამაშეთა ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე საერთოდ არ მუშაობდა''.

ფოტო: თბილისის ''დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები