ბრძოლა შედგა: ლოკოს ევროსეზონი გრანადაში დასრულდა
Aa
Aa

ბრძოლა შედგა: ლოკოს ევროსეზონი გრანადაში დასრულდა

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის ''ლოკომოტივი'' სტუმრად ''გრანადას'' დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა სრული დომინირებით მიმდინარეობდა და მათი დამსახურებული გამარჯვებით 2:0 დასრულდა. გუნდებს შორის სათამაშო დონისა თუ გამოცდილების კუთხით დიდი განსხვავება იყო, თუმცა ''ლოკომოტივმა'' ბრძოლა შემოგვთვაზა, პირველ ტაიმში გოლი არ გაუშვია და ''გრანადამ'' მეორე გოლის გატანა დამატებულ წუთზე მოახერხა.

გიორგი ჭიაბრიშვილმა ''ლოკომოტივში'' მუშაობის მცირე დროში კლუბს ისტორიული გამარჯვებები მოაპოვებინა, რაც ევროპა ლიგის ორი ეტაპის დაძლევაში გამოიხატა, თუმცა ლა ლიგის წარმომადგენლის დამარცხება ამ ეტაპზე ''ლოკომოტივის'' შესაძლებლობებს ცდება, რაც თამაშის ყურებისას ძალიან ნათელი იყო. ''ლოკო'' მხოლოდ შეტევების მოგერიებაზე იყო ორიენტირებული.

თამაშის დაწყებამდე გუნდების მთავარი მწვრთნელები: დიეგო მარტინესი და გიორგი ჭიაბრიშვილი

 

პირველი ტაიმი

''გრანადა'' სრულ უპირატესობას ფლობა, თუმცა ესპანური კლუბის შეტევებს სიმწვავე აკლდა. ბურთის ფლობის უპირატესობა დიეგო მარტინესის გუნდის მხარეს იყო. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი დაცვითი ფუნქციების შესრულებისას კარგად მოქმედებდა, თუმცა მასპინძელთა შეტევების ჩაშლის შემდეგ კონტრშეტევების განვითარებას ვერ ახერხებდნენ, სტუმრები ბურთს კარგავნენ და თამაში კვლავ ''გრანადას'' კონტროლით გრძელდებოდა. პირველი ტაიმი მეტწილად ''ლოკომოტივის'' ნახევარზე მიმდინარეობდა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ეპიზოდს, როცა ''ლოკომოტივის'' ფეხბურთელები შეტევების განვითარებას ცდილობდნენ, მაგრამ მათი მცდელობები უშედეგოდ სრულდებოდა.

ასევე აღსანიშნავია ''ლოკომოტივის'' მეკარის, გიორგი მამარდაშვილის საიმედო და დამაჯერებელი თამაში. ერთ ეპიზოდში პასის მიცემისას შეცდა, მაგრამ კარისკენ დარტყმული ყველა ბურთი მოიგერია. მან პირველ ტაიმში 4 სეივი შეასრულა.

მეორე ტაიმი

48-ე წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ, ვენესუელელმა დარვინ მაჩისმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა მეკარისაგან შორეულ მაღალ კუთხეში. ამ ეპიზოდში ნებისმიერი მეკარისთვის ბურთის მოგერიება ურთულესი ამოცანა იქნებოდა.

გოლის შემდეგ ''ლოკომოტივი'' შედარებით უფრო ხშირად ფლობდა ბურთს, თუმცა პრობლემა უცვლელი იყო: ჭიაბრიშვილის გუნდის ფეხბურთელებს მეტოქის მიერ შესრულებული პრესინგის ფონზე შეტევების განვითარება ძალიან უჭირდათ.

54-ე წუთზე მიღებული ყვითელი ბარათიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, 59-ე წუთზე გიორგი გაბაძემ ძალიან ცუდად იმოქმედა, ორთაბრძოლისას მეტოქის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა  და ''ლოკომოტივი'' რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოჩნდა, რის შემდეგაც გიორგი ჭიაბრიშვილმა იძულებითი ცვლილება განახორციელა, მოედანი სამურკასოვმა დატოვა და თამაშში ამპლუით მცველი, 18 წლის რატი მჭედლიშვილი ჩაერთო.

მჭედლიშვილის გარდა ''ლოკომოტივის'' მთავარმა მწვრთნელმა ორი ცვლილება განახორციელა, ომარ იმრანის ნაცვლად გამოცდილი სანდო კობახიძე და თორნიკე კირკიტაძის ნაცვლად მამია გავაშელიშვილი ჩაერთვნენ შეხვედრაში.

პირველი ტაიმის მსგავსად მეორე ტაიმშიც ''გრანადა'' დიდ უპირატესობას ფლობდა და მასპინძლებმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს. ცხადია, რიცხვობრივ უმცირესობაში ყოფნით ''ლოკომოტივი'' უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდა და ''გრანადას'' შეტევებით განვითარება კიდევ უფრო უადვილდებოდა.

აღსანიშნავია, მამარდაშვილისა და ცენტრალურ მცველთა დუეტის, სანდოხაძისა და გურეშიძის ბრწყინვალე თამაში. ის ფაქტი, რომ ''ლოკომოტივი'' დიდი ანგარიშით არ დამარცხდა, მეტწილად აღნიშნული სამი მოთამაშის დამსახურებაა.

პირველ დამატებულ წუთზე ''გრანადას'' მორიგი შეტევა მეორე გოლით დასრულდა, მეტოქის დარტყმა მამარდაშვილმა მოიგერია, თუმცა დასწრებაზე 38 წლის ხორხე მოლინამ ითამაშა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

''ლოკომოტივის'' უნიჭიერესმა მეკარემ, 19 წლის გიორგი მამარდაშვილმა 9 სეივი შეასრულა. მან როგორც ''გრანადასთან'', ასევე ''უნივერსიტატეასთან'' და მოსკოვის ''დინამოსთან'' შეხვედრებში საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშა და მოსალოდნელია, რომ მისი გადაბირების სურვილი უცხოურ გუნდებს გაუჩნდებათ.

''ლოკომოტივისთვის'' ევროსეზონი დასრულდა. კლუბის შემდგომი პროგრესისთვის მთავარი მწვრთნელის შენარჩუნება და მისი ხედვებიდან გამომდინარე არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილება თბილისური კლუბის მომავალი წარმატების საფუძველი იქნება, რადგან ჭიაბრიშვილი სწორედ ასეთი მწვრთნელია, მას შეუძლია გუნდის აშენება და აქვს ცოდნა გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატებული გუნდი შექმნას.

ფოტო: gettyimages

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები