შერმადინს ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა - ტენერიფემ ოოსტენდე დაამარცხა
Aa
Aa

შერმადინს ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა - ტენერიფემ ოოსტენდე დაამარცხა

გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის შეხვედრა გამართა და „ოოსტენდე“ დაამარცხა. ქართველი ცენტრის გუნდმა 62-54 იმარჯვა და რვათა ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

შერმადინი თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გიომ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 23 წუთი და ამდენივე წამი გაატარა. ამ დროში „შერმინატორმა“ 9 ქულა, 10 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

გიომ 7-დან 2 2-ქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ბურთი 5-ჯერ დაკარგა, თუმცა +/- -ის გრაფაში +18 დააფიქსირა და ამ მაჩვენებლით საკუთარ გუნდში საუკეთესო გახლდათ. აღსანიშნავია, რომ შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 12 იყო და „იბეროსტარ ტენერიფეს" რიგებში მხოლოდ ტაილერ კავანაგს ჩამორჩა.

აქვე გეტყვით, რომ გამარჯვებულთა შორის ყველაზე მეტი, 13 ქულა მარსელინიო უერტასმა ჩააგდო. აარონ დოორნეკამპი 9 ქულას დასჯერდა, ხოლო სასუ სალინმა 8 ქულა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის რვათა ფინალი ათენში 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და „იბეროსტარ ტენერიფეს“ პირველი მეტოქე „ბასკეტ სარაგოსა“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები