''სირბილი არ შეეძლო, კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა'' - ბატურენკო კვერკველიას რთულ პერიოდზე
Aa
Aa

''სირბილი არ შეეძლო, კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა'' - ბატურენკო კვერკველიას რთულ პერიოდზე

მოსკოვის ''ლოკომოტივის'' ექს-მწვრთნელმა იური ბატურენკომ, რომელიც 2016-20 წლებში იური სიომინის ასისტენტი იყო, სოლომონ კვერკველიასთან დაკავშირებით საინტერესო ისტორია გაიხსენა.

ბატურენკო Sport24.ru-ს ესაუბრა: ''კვერკველიას ძალიან სერიოზული ტრავმა აწუხებდა. ის დიდი ხანი სირბილს ვერ ახერხებდა, კუნთებში მუდმივად დაჭიმულობას გრძნობდა. მის მოედანზე დასაბრუნებლად ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა. ასეთი ტრავმის შესახებ არაფერი ვიცოდი. ის ნამდვილად ფიქრობდა კარიერის დასრულებაზე, მაგრამ მე და სიომინმა გადავარწმუნეთ, კარიერის დასრულება გადავაფიქრებინეთ.

მოსაზრება, რომ კვერკველია ზარმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ნონსენსია. ის ყოველთვის 100 პროცენტით იხარჯებოდა, რაც ძალიან ცოტა ფეხბურთელს ახასიათებს. საკუთარ კარში იტანდა გოლებს, ეს ცუდია, თუმცა საერთო ჯამში გუნდისთვის ძალიან დიდი დახმარება მოჰქონდა. არიან ფეხბურთელები, რომლებიც საკუთარ კარში გოლს არ იტანენ, თუმცა გუნდს ვერაფრით ეხმარებიან. კვერკველია ძალიან ძლიერი ფეხბურთელია''.

სოლომონ კვერკველიას კარიერის საუკეთესო პერიოდი მოსკოვის ''ლოკომოტივს'' უკავშირდება. 2017 წლიდან გასული სეზონის ბოლომდე ქართველი მცველი ''რკინიგზელთა'' მაისურით თამაშობდა, რუსეთის ჩემპიონატის, თასისა და სუპერთასის მოგების გარდა ორივე ევროპული საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. ''ლოკომოტივში'' გადასვლამდე მას საკმაოდ რთული პერიოდი ჰქონდა, რადგან ყაზანის ''რუბინში'' თამაში ფაქტობრივად არ უწევდა, სიომინის გუნდში გადასვლის შემდეგ კი საუკეთესო ფორმაში შევიდა და რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად ითვლებოდა.

გასულ ზაფხულში კვერკველია ვოლგოგრადის ''როტორში'' გადავიდა, რადგან სიომინის ''ლოკომოტივიდან'' წასვლის შემდეგ სასტარტო თერთმეტეულის ფეხბურთელად აღარ განიხილავდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები