Aa
Aa

"მეტის გატანაც შეგვეძლო" - მანჩინიმ ნიდერლანდებთან მატჩი შეაფასა

გუშინ ერთა ლიგის მეორე ტურში ერთმანეთს ნიდერლანდები და იტალია შეხვდნენ. მატჩი სტუმართა გამარჯვებით 0:1 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ რობერტო მანჩინიმ პრესკონფერენცია გამართა.

"მთელმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა. დამეთანხმებით ადვილი არ არის ნიდერლანდებს საკუთარ კედლებში მოუგო. ჩემს გუნდს მეტი გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ რიგ ეპიზოდებში არ გაგვიმართლა. ბოლო წუთებზე ფეხბურთელები დაიღალნენ და მასპინძლებს გოლის გატანის შანსი მიეცათ, მაგრამ დონარუმამ დაკისრებულ მოვალეობას ბრწყინვალედ გაართვა თავი. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთადერთი რეალური მომენტი მათ მატჩის 90-ე წუთზე ჰქონდათ."

"სპინაცოლა შესანიშნავი ფეხბურთელია. მას აქვს კარგი ტექნიკა, ფიზიკური გამძლეობა და ფსიქიკა. ის გუნდისთვის ძალიან სასარგებლო ფეხბურთელია, რადგან ის გაჩენილ სივრცეებს იდეალურად კეტავს. რომ არა ხშირი ტრავმები, გაცილებით უკეთესი ფეხბურთელი იქნებოდა."

"მანუელ ლოკატელის დებიუტი დასამახსოვრებელი გამოდგა. 22 წლის ფეხბურთელმა ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც მე დავავალე. მე-80 წუთზე მე ის შევცვალე, რადგან მას დაღლილობა შევატყვე."

"ნაკრებმა ბოლო 10 თვის განმავლობაში მეორე მატჩი ჩაატარა და თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ. გამარჯვება ბოსნიასთანაც შეგვეძლო, მაგრამ სამწუხაროდ არ გაგვიმართლა." - განაცხადა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის A ლიგის პირველ ჯგუფს იტალია 4 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზე 3 ქულით ნიდერლანდები გახლავთ. შემდეგ მატჩს იტალიის ნაკრები 11 ოქტომბერს პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები