ბართომეუ ბარსას ემშვიდობება? - სეტიენი და აბიდალი ნოუ კამპს ტოვებენ
Aa
Aa

ბართომეუ ბარსას ემშვიდობება? - სეტიენი და აბიდალი ნოუ კამპს ტოვებენ

ესპანური მედიის ცნობით კატალონიის ''ბარსელონას'' მთავარი მწვრთნელის, კიკე სეტიენის გარდა სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი დაემშვიდობება. კატალონიურ კლუბში მენეჯმენტის გადახედვას და ფუნდამენტურ ცვლილებებს გეგმავენ, რაც ცხადია აღნიშნულ პირებთან თანამშრომლობის შეწყვეტას გულისხმობს.

ორშაბათს, 17 აგვისტოს კატალონიური გრანდის დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართება, რაც დაგეგმილი არ იყო, თუმცა მიუნხენის ''ბაიერნთან'' უმძიმესი მარცხის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელები დიდი ცვლილებების გატარებას გეგმავენ.

2007-08 წლების სეზონის შემდეგ ''ბარსა'' ყოველ სეზონში მინიმუმ ერთი ტიტულის მოგებას ახერხებდა, 2019-20 წლების სეზონი კი ლა ლიგაში მადრიდის ''რეალის'' ტრიუმფით დასრულდა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ''ბაიერნთან'' უმძიმესი მარცხი ფეხბურთის ქომაგებს არასდროს დაავიწყდებათ. მიუნხენურ გრანდთან მარცხმა კლუბს დიდი ცვლილებებისკენ უბიძგა.

აღნიშნულ სხდომაზე, რომელიც რიგგარეშედ დაინიშნა, ხოსე მარია ბართომეუს მომავალიც გაირკვევა. შესაძლოა, აბიდალისა და სეტიენის მსგავსად პრეზიდენტიც დაემშვიდობოს ესპანურ გრანდს. ბართომეუ პრეზიდენტის პოსტს 2014 წლიდან იკავებს.

სეტიენმა მთავარი მწვრთნელის პოსტი გასულ ზამთარში დაიკავა. მან ერნესტო ვალვერდე შეცვალა. სეტიენის დანიშვნისა და მასთან გრძელვადიანი მუშაობის სურვილი ერიკ აბიდალს ჰქონდა, თუმცა გერმანულ გრანდთან მარცხმა ფრანგის გეგმები დაასამარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები