Aa Aa
15 აგვისტო 2020  |  12:01

''სანამ ის პრეზიდენტია, ნაკრებში თამაშზე უარს ვამბობ'' - შკურინი ლუკაშენკოს დაუპირისპირდა

მოსკოვის ცსკა-ს ბელარუსი ფეხბურთელი ილია შკურინი ქვეყნის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს ღიად დაუპირისპირდა. 20 წლის ფორვარდი ლუკაშენკოს რეჟიმის პირობებში სანაკრებო კარიერაზე უარს ამბობს.

შკურინი, რომელიც 2019 წელს ბელარუსის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, სოციალურ ქსელში წერს: ''სოციალური ქსელის საშუალებით შევიტყვე, რომ ბელარუსის ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოვხვდი. ჩემს პასუხი ასეთია:  უარს ვამბობ ეროვნულ ნაკრებში თამაშზე ვიდრე ლუკაშენკო პრეზიდენტია და მისი რეჟიმია ბელარუსში.''

შკურინი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ბელარუსი ფეხბურთელია. მის სამშობლოში მასზე დიდ იმედს ამყარებენ. მიმდინარე წელს მოსკოვური კლუბის ფეხბურთელი გახდა და პრემიერ ლიგის ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

20 წლის ფეხბურთელმა ბელარუსის ახალგაზრდულ ნაკრებში ჩატარებულ ექვს მატჩში 1 გოლი გაიტანა. მას ეროვნულ გუნდში თამაშის გამოცდილება არ აქვს, თუმცა ცსკა-ში გადასვლიდან გამომდინარე დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრისთვის ეროვნულ ნაკრებში მიეწვიათ. მისი კომენტარიდან გამომდინარე, შკურინი საქართველოსთან მატჩს გამოტოვებს. ცხადია, იმ შემთხვევაში თუ ლუკაშენკო პრეზიდენტის პოსტს შეინარჩუნებს.

შეგახსენებთ, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები კვლავ ლუკაშენკოს გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის, რომ არჩევნები არასამართლიანია და რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები იმართება.  ბელაურისის ნაკრებისა და ''ბატეს“  თავდამსხმელი ანტონ სოროკა მინსკში აქციისას დააკავეს და სასამართლომ ფეხბურთელს თავისუფლება 7 დღით აღუკვეთა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები