რუსული მედია: კვერკველია როტორში გადასვლასთან ახლოსაა
Aa
Aa

რუსული მედია: კვერკველია როტორში გადასვლასთან ახლოსაა

საქართველოს ეროვნული გუნდის ფეხბურთელი სოლომონ კვერკველია მოსკოვის ‘‘ლოკომოტივს’’ ტოვებს. რუსული მედიის ცნობით 28 წლის ცენტრალური მცველი ვოლგოგრადის ‘‘როტორში’’ გადასვლასთან ახლოსაა.

Sport24-ის ცნობით კვერკველიას დამატებით ‘‘ურალიც’’ დაინტერესდა, თუმცა ქართველის ‘‘როტორში’’ გადასვლა გაცილებით რეალურია.

2019-20 წლების სეზონში კვერკველიამ მოსკოვის ‘‘ლოკომოტივის’’ რიგებში მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა.

მიმდინარე წელს მოსკოვური გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი იური სიომინმა დატოვა, რომელიც სერბმა მარკო ნიკოლიჩმა შეცვალა. ნიკოლიჩის მოსვლის შემდეგ რუსული მედია აქტიურად წერს კვერკველიას გუნდიდან წასვლის შესახებ.

კვერკველია ''რუბინის'' ექს-ფეხბურთელია. 2017 წლიდან ''ლოკომოტივის'' ღირსებას იცავს. გუნდთან ერთად რუსეთის ჩემპიონატი (ერთხელ) და თასი (ორჯერ) მოიგო. კვერკველიამ სიომინთან მუშაობის დროს ევროპა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპებზე ითამაშა.

მან 2014 წლიდან მოყოლებული საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 34 მატჩი ჩაატარა.

‘‘როტორში’’ ახლახანს ჩაირიცხა მოსკოვის ‘‘სპარტაკის’’ ექს-ნახევარმცველი ჯანო ანანიძე. ასევე, ვოლგოგრადული კლუბის ღირსებას კიდევ ერთი ქართველი, 22 წლის ფორვარდი ბექა მიქელთაძე იცავს.

‘‘როტორი’’ პრემიერ ლიგაში გასულ სეზონში აღზევდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები