Aa
Aa

"იგი მაშინაც მწვრთნელი იყო, როცა ფეხბურთს თამაშობდა" - გალიანი პირლოს აქებს

იტალიური „მილანის“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ადრიანო გალიანიმ ანდრეა პირლოს შესახებ ისაუბრა. გალიანი, რომელიც ამჟამად სერია B-ს კლუბ „მონცას“ მმართველია, Corriere dello Sport-ს ესაუბრა.

„ანდრეა მწვრთნელი იყო მაშინაც, როცა ფეხბურთს თამაშობდა. იგი მუდმივად ძიებისა და სწავლის პროცესში იყო. სწავლობდა მეტოქეებს, ადგილს, სადაც თამაშობდა, აანალიზებდა შექმნილ ვითარებებს. მის დასახასიათებლად მომიწევს ერთი სიტყვა გამოვიყენო - ინტელიგენტი. ესაა ის ზედსართავი სახელი, რომელიც მას ყველაზე მეტად შეეფერება. დარწმუნებული ვარ, „იუვენტუსში“ წარმატებულად იმუშავებს.

ჩვენი „მილანიდან“ უკვე ძალიან ბევრი ფეხბურთელია, რომელიც მწვრთნელი გახდა: კრისტიან ბროკი, ლეონარდო, ანდრეი შევჩენკო, მასიმო ოდო, იააპ სტამი, ალესანდრო ნესტა, ჯიოვანი სტროპა, რობერტო დონადონი და ასევე რობერტო დე ძერბისა და რობერტო დ’ავერზას დავამატებდი. ხალხს მხოლოდ ანჩელოტი, ზეედორფი, ინძაგი და გატუზო ახსოვს, მაგრამ ხომ ხედავთ მათ გარდაც რამდენი კარგი მწვრთნელია. ასე რომ, ის „მილანი“ საფეხბურთო ცოდნის ტაძარი იყო“.

კითხვაზე, თუ რომელი ფეხბურთელი ვერ წარმოუდგენია მწვრთნელად, გალიანიმ ასევე საინტერესო პასუხო გასცა: „ეს რონალდინიოა. მან არც კი იცოდა ვის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა და ეს არც არასდროს აინტერესებდა. თამაშის მეორე დღეს კი უკვე აღარაფერი ახსოვდა. ისე ჩანს, რომ მწვრთნელის პოზიცია მისთვის სრულიად შეუსაბამო იქნება“.

ადრიანო გალიანი მისი მშობლიური ქალაქის კლუბ „მონცას“, რომელიც სილვიო ბერლუსკონის გუნდია, სათავეში 2018 წელს ჩაუდგა. გუნდმა გასულ სეზონში სერია C-დან იტალიის რანგით მეორე ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. გამოცდილი ფუნქციონერი 1986-2017 წლებში „მილანის“ აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები