ივლისის მთავარი მოვლენები - ევროლიგის საიტმა შენგელიას ტრანსფერი გამოარჩია
Aa
Aa

ივლისის მთავარი მოვლენები - ევროლიგის საიტმა შენგელიას ტრანსფერი გამოარჩია

ევროლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ივლისში მომხდარი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები დაასახელა. სტატიაში აქცენტი გაკეთებულია, როგორც ტრანსფერებზე, ისე მთავარ მწვრთნელთა ცვლილებებზე და გასაკვირი არაა, რომ სიაში თორნიკე შენგელიაც მოხვდა, რომელმაც გასულ თვეში საკუთარი მომავალი მოსკოვის ცსკა-ს დაუკავშირა.

„მოსკოვის ცსკა-მ თორნიკე შენგელიას გადაბირებით ძალიან ბევრი რამ შეიძინა. საუბარი მხოლოდ მის უნივერსალიზმსა და პროდუქტიულობას არ ეხება, რომლითაც იგი გასულ სეზონში გამოირჩა და საშუალოდ კარიერაში საუკეთესო, 15.9 ქულას აგროვებდა და სარგებლიანობის კოეფიციენტი 18.5 ჰქონდა. შენგელიას ლიდერისთვის დამახასიათებელი თვისებები აქვს და კაილ ჰანსის წასვლის შემდეგ, ამ კომპონენტში გაჩენილ სიცარიელეს შეავსებს.

თორნიკე ცსკა-ს მებრძოლ ხასიათს შესძენს კლუბიდან, რომელშიც მან 6 წელიწადი გაატარა, მისი კაპიტანი იყო და 2020 წელს ესპანეთის ჩემპიონი გახდა. ცსკა-ში შენგელიას ნაცნობი სახეები დახვდებიან. ყოფილი თანაგუნდელები, დარუნ ჰილიარდი და იოჰანეს ვოიტმანი მას ადაპტაციაში დაეხმარებიან და მომდევნო სეზონისთვის ცსკა ძალიან სახიფათო გუნდი იქნება“, - წერს ევროლიგის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ რუსული კლუბის მაისურით შენგელიას დებიუტი VTB ლიგაში შედგება. 23 სექტემბერს ცსკა ნურ-სულთანში „ასტანას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები