საბურთალოს აკადემიის სტადიონს შაქარაშვილის სახელი მიენიჭება
Aa
Aa

საბურთალოს აკადემიის სტადიონს შაქარაშვილის სახელი მიენიჭება

საფეხბურთო კლუბ ''საბურთალოს'' ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით იოსებიძის ქუჩაზე მდებარე კლუბის აკადემიის ერთ-ერთ სტადიონს გიორგი შაქარაშვილის სახელი მიენიჭება. სტადიონისთვის სახელის მინიჭება ორშაბათს, 3 აგვისტოს მოხდება და ამ ფორმით თბილისური კლუბის ხელმძღვანელები ტრაგიკულად გარდაცვლილ ფეხბურთელს პატივს მიაგებენ.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. მისი ცხედარი ოთხდღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა წყალში იპოვეს.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვანი კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ სოფიო ლეჟავამ მიიღო.

დაცვის მხარე არასრულწლოვნებისთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გაუქმებას ან გირაოთი შეცვლას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურა 6-ვე პირისთვის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს. 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. მათგან 6 არასრულწლოვნის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, სრულწოვნების წინასასამართლო სხდომისთვის კი გამოძიებამ დამატებითი დრო ითხოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები