Aa
Aa

ახალი კონტრაქტები | რომა - ძანიოლოსა და პელეგრინის, მილანი კი დონარუმას ელაპარაკება

იტალიური გრანდები - „რომა“ და „მილანი“ თავიანთ ლიდერებთან კონტრაქტების გახანგრძლივების თაობაზე აქტიურად მუშაობენ.

რომაელები ერთდროულად ლორენცო პელეგრინისა და ნიკოლო ძანიოლოს ელაპარაკებიან. „ჯალოროსი“ ორივე ამ ფეხბურთელს 3-მილიონიან კონტრაქტს სთავაზობს, რასაც გოლებსა და საგოლე პასებზე ბონუსი დაემატება.

ჯერჯერობით იტალიელ ფეხბურთელთა საკითხისადმი მიდგომა უცნობია. მათ მიმართ ინტერესს „იუვენტუსი“ და „ინტერი“ იჩენენ. პელეგრინის ამჟამინდელ ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება, ხოლო ძანიოლოს კონტრაქტი ძალაში 2024 წლის 30 ივნისამდეა.

რაც შეეხება „მილანს“, ის მოლაპარაკებებს ჯანლუიჯი დონარუმასთან მართავს და შრომითი ხელშეკრულების კიდევ 2 წლით გახანგრძლივებას სთავაზობს.

SportMediaset-ის ინფორმაციით, დონარუმას ხელფასი ისევ 6 მილიონი ევრო იქნება, თუმცა კონტრაქტში ჩაიდება პუნქტი, რომლის თანახმადაც, თუკი „როსონერი“ სერია A-ს მოიგებს, ახალგაზრდა მეკარე, ბონუსის სახით, 2 მილიონ ევროს მიიღებს.

როგორც გამოცემა იუწყება, დიდი შანსია, დონარუმა ამ პირობებს დათანხმდეს და „შავ-წითლებს“ საკუთარი მომავალი 2023 წლის ზაფხულამდე დაუკავშიროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები