Aa
Aa

„UFC-ში კარიერა შთამბეჭდავად დაიწყო" - Mmajunkie რომან დოლიძეზე წერს

MMA-ის სამყაროში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ვებგვერდმა, Mmajunkie.usatoday.com-მა UFC-ის ახალწვეულები შეაფასა, რომლებმაც სადებიუტო შერკინება 19 ივლისს გამართული ღონისძიების ფარგლებში ჩაატარეს.

ვებგვერდმა აქცენტი 4 მებრძოლზე გააკეთა და მათ შორის რომან დოლიძეც მოხვდა. Mmajunkie-მ მისი გამოსვლა B-ით შეაფასა და მის მომავალთან დაკავშირებით, საინტერესო პროგნოზი გააკეთა.

„ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ UFC-ში შეაბიჯა და აჩვენა ის სიდინჯე და სიმშვიდე, რომელიც პერსპექტიული და დაუმარცხებელი მებრძოლისგანაა მოსალოდნელი. მან დგომში კარგად იმუშავა, შემდეგ კი მეტოქეს მუხლი სახეში მოარტყა და UFC-ის ოქტაგონზე გამართულ სადებიუტო ჯახში სანახაობრივი ნოკაუტი გაიფორმა.

დოლიძემ ბრძოლა ნელა, მაგრამ მშვიდად დაიწყო. იგი იბრაგიმოვთან დისტანციას ინარჩუნებდა და პარალელურად რუსი მეტოქის სტილს აფასებდა. იყო ერთი შემაშფოთებელი მომენტი, როცა ქართველი ოქტაგონზე აღმოჩნდა, მაგრამ როგორც გაირკვა, იგი მზად გახლდათ და უნდოდა კიდეც, ბრძოლა პარტერში გადასულიყო, იბრაგიმოვს კი დგომში ჩხუბი ერჩივნა. ფეხზე წამოდგომამ ქართველის სასარგებლოდ იმოქმედა. დოლიძემ მოუმატა და იბრაგიმოვს სახეში მუხლი მოარტყა, რისი წყალობითაც, UFC-ში მისი კარიერა შთამბეჭდავად დაიწყო.

UFC პრეტენდენტებს ეძებს, რომლებიც ნახევრად მძიმე წონით დივიზიონში კონკურენციას გაზრდიან. თუ დოლიძე აქტიური იქნება და რამდენიმე ბრძოლას სათავისოდ ნაადრევად დაასრულებს, მალევე მის დივიზიონში მოასპარეზე ცნობილი მებრძოლების წინააღმდეგ იჩხუბებს“, - წერს Mmajunkie.usatoday.com.

ცნობისთვის, დოლიძემ იბრაგიმოვი პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და კარიერაში მე-7, ხოლო UFC-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები