Aa
Aa

კონტე: "თუ ისინი ბედნიერები არ არიან, პოსტიდან უყოყმანოდ წავალ"

ბოლო კვირებში იტალიურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ „ინტერის“ ხელმძღვანელობა ანტონიო კონტეს დათხოვნას გეგმავს.

ამ საკითხის შესახებ 50 წლის სპეციალისტმა „ტორინოსთან“ გუშინ გამართული მატჩის შემდეგ ისაუბრა და ორაზროვანი კომენტარი გააკეთა.

„მათ სამწლიანი პროექტით მომიწვიეს, რათა „ინტერი“ დავაბრუნო იმ სიმაღლეზე, რომელსაც ის იმსახურებს. გარდაუვალია, რომ ეს ყველაფერი დროს მოითხოვს, მე კი უდიდესი ენთუზიაზმი და რწმენა მაქვს.

თუკი ყველა კმაყოფილია იმით, რასაც ვაკეთებ, მაშინ ვერ ვხედავ მიზეზს, ერთად მუშაობა რატომ არ უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ თუკი ისინი ჩემი მუშაობით ბედნიერები არ არიან, თანამდებობას უყოყმანოდ დავტოვებ“.

Sky Sport Italia გვამცნობს, რომ კონტეს კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომლის თანახმადაც, ნაადრევად გაშვების შემთხვევაში კლუბმა მას 150 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

ამავე გამოცემის გუშინდელი ინფორმაციით, „ნერაძურის“ ბოსები უკვე „კონტისიმეს“ შემცვლელზე ფიქრობენ და 3 კანდიდატიც ჰყავთ: მაურისიო პოჩეტინო, უნაი ემერი და მასიმილიანო ალეგრი. გამოცემა ფავორიტად ასახელებს ალეგრის, რომელიც „შავ-ლურჯების“ გენერალურ დირექტორ ჯუზეპე მაროტასთან ერთად „იუვენტუსში“ მუშაობდა.

კონტეს გუნდმა „ტორინოსთან“ 3:1 გაიმარჯვა, 68 ქულა მოაგროვა და სერია A-ს ცხრილის მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლა. მილანელები შემდეგ მატჩს ბოლოადგილოსან „სპალთან“ სტუმრად ჩაატარებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები