„ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია
Aa
Aa

„ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია" - El Desmarque ქოჩორაშვილზე წერს

ცნობილმა ესპანურმა გამოცემა El Desmarque-მ გიორგი ქოჩორაშვილის სადებიუტო შეხვედრის შემდეგ, ქართველ ნახევარმცველს სტატია მიუძღვნა და იგი ადგილობრივ პუბლიკას გააცნო. El Desmarque-მ 21 წლის ფეხბურთელის შესახებ მოკლედ ისაუბრა და მას „ლევანტეს“ ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა უწოდა.

„ლა ლიგის 36-ე ტურში ლევანტე ბილბაოსთან 2-1 დამარცხდა. პაკო ლოპესის გუნდმა მიჯრით მეორე შეხვედრა წააგო და გასულ კვირას, მალიორკასთან მარცხის შემდეგ, ბილბაოსაც ვერაფერი მოუხერხა, თუმცა განვლილ შეხვედრებში პოზიტივის დანახვაც შეიძლება. მაგალითად, გიორგი ქოჩორაშვილმა ლა ლიგაში ლევანტეს მაისურით სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.

იგი ლევანტეს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია და პაკო ლოპესმა განაცხადში უკვე რამდენჯერმე შეიყვანა. გიორგის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებში რამდენიმე მატჩი აქვს ჩატარებული და ლევანტეს სარეზერვო გუნდში 15 შეხვედრაში 1 გოლი შეაგდო.

ქოჩორაშვილის დებიუტი მთლად სასიამოვნო არ ყოფილა. მას რამდენიმე წუთი მიეცა მატჩში, რომლის გამარჯვებულის ვინაობაც ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო. მიუხედავად ამისა, მან ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში თამაშის გემო შეიგრძნო, რადგან მოედანზე შესვლიდან რამდენიმე წამში მასზე უხეშად დაჯარიმდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა რამდენიმე წუთი ითამაშა, დიდი ალბათობით, გრანოტასი მას სეზონის ბოლომდე აქტიურად გამოიყენებს. ბილბაოსთან მატჩის შემდეგ, პაკო ლოპესმა ქოჩორაშვილი შეაქო და განაცხადა: „გიორგი ბევრს მუშაობს და ენთუზიაზმით აღსავსე ფეხბურთელია, რომელსაც სხვებსაც გადასცემს. მისი მოედანზე შესვლის შემდეგ, ლევანტე თამაშის ტემპს უმატებს და თუ გიორგი სათამაშოდ მზად იქნება, აუცილებლად ითამაშებს“, - წერს El Desmarque

შეგახსენებთ, რომ ქოჩორაშვილი გიორგი დემეტრაძისა და შოთა არველაძის შემდეგ მესამე ქართველია ფეხბურთელია, რომელმაც ესპანეთის ელიტარულ ლიგაში ითამაშა. ცნობისთვის, 2019 წლის ზაფხულში მან „ლევანტესთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მიმდინარე სეზონში ვალენსიელთა სარეზერვო გუნდში ასპარეზობდა, რომლის მაისურითაც 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები