Aa Aa
13 ივლისი 2020  |  11:06

ვეტერანი კალათბურთელების მხარდაჭერა თორნიკე შენგელიას

ვეტერანმა კალათბურთელებმა თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

Crystalsport.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

ჩვენთვის საყვარელი კალათბურთელის, თორნიკე შენგელიას ევროლიგის ჩემპიონ მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას, ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. 

ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ყველას თავისი აზრი აქვს, თუმცა არაერთია ზედმეტად კატეგორიული გამონათქვამიც, ძალიან თამამად მსჯელობენ პატრიოტობა-არაპატრიოტობაზე, ნაკრებიდან მოკვეთაზე და ა.შ.

ჩვენ, 1960-1970-იანი წლების თბილისის “დინამოსა” და საქართველოს ნაკრების ვეტერანები ყველას მოვუწოდებთ, გამოვიჩინოთ დიდი სიფრთხილე ერთი ადამიანის გადაწყვეტილების შეფასებასთან დაკავშირებთ. მითუმეტეს, რომ ლაპარაკია ბევრი ქართველისთვის საამაყო, საყვარელ კალათბურთელ თორნიკე შენგელიაზე, რომლის კარიერაც არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს საკუთარი ქვეყანა და ხალხი. 

იგი მებრძოლი კალათბურთელია, უკან არასოდეს დაუხევია და მიიღო თამამი გადაწყვეტილება, რომელიც წმინდა სპორტული თვალსაზრისით საუკეთესო იყო მისი კარიერისთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ თორნიკეს წინსვლა ნაკრების წარმატებაზეც პირდაპირპროპორციულად აისახება. ის ხომ ეროვნული გუნდის კაპიტანი და ლიდერია.

ვეტერანები მხარში ვუდგავართ თორნიკე შენგელიას, ვუსურვებთ წარმატებებს და გამარჯვებებს.”

გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი ოკუპირებული აქვს და რუსეთი უკანონო ბორდერიზაციას კვლავ აგრძელებს, საქართველოს მტრის არმიის კლუბში ქართველი კალათბურთელის გადასვლა არაერთი ქართველისთვის მიუღებელია. ამ გადაწყვეტილების გამო შენგელია სოციალურ ქსელში უამრავმა ქომაგმა გააკრიტიკა.

შეგახსენებთ,2019-20 წლების სეზონში შენგელია ''ბასკონიასთან'' ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება