ლეგენდარული ჯეკი ჩარლტონი გარდაიცვალა
Aa
Aa
11 ივლისი 2020  |  12:06

ლეგენდარული ჯეკი ჩარლტონი გარდაიცვალა

85 წლის ასაკში ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი ჯეკი ჩარლტონი გარდაიცვალა. ინფორმაციას ინგლისური მედია ავრცელებს.

ჩარლტონი 1966 წელს ინგლისის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მან ფინალურ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა, როცა ალფ რამზის გუნდმა ჰელმუტ შიონის დასავლეთ გერმანიის ნაკრები 4:2 დაამარცხა.

ჯეკი ჩარლტონი იმ იშვიათ ფეხბურთელთა შორისაა, რომლებმაც კარიერა მხოლოდ ერთ კლუბს მიუძღვნეს. ამპლუით ცენტრალური მცველი 1952-73 წლებში ''ლიდს იუნაიტედის'' ღირსებას იცავდა.

1963-64 წლებში ჩარლტონი ''ლიდს იუნაიტედს'' ელიტაში აღზევებაში დაეხმარა. 1968-69 წლებში ჩარლტონი ''ლიდსთან'' ერთად ინგლისის ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, ჩარლტონის კლუბურ მიღწევებში  შედის ინგლისის ასოციაციის თასი, ინგლისის ლიგის თასი და ქომუნითი შილდი. ასევე, ინგლისურ კლუბთან ერთად ევროპის საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი ორჯერ მოიგო (1967-68 და 1970-71).

ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ''მიდლსბროს,'' ''შეფილდ უენსდისა'' და ''ნიუკასლ იუნაიტედს'' წვრთნიდა. ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი ირლანდიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე გაატარა (1986-96).

2005 წელს ჯეკი ჩარლტონი ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები