''ჩვენი სრული მხარდაჭერა თოკოს'' - კალათბურთელთა ერთობლივი განცხადება
Aa
Aa

''ჩვენი სრული მხარდაჭერა თოკოს'' - კალათბურთელთა ერთობლივი განცხადება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა და მოქმედმა კალათბურთელებმა თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ვიდეო საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ ''ფეისბუქის'' გვერდზე განათავსეს.

მანუჩარ მარკოიშვილი: ''ჩვენი სრული მხარდაჭერა თოკოს.

თორნიკეს ვულოცავთ ესპანეთის ჩემპიონობას და ახალ გუნდში წარმატებებს ვუსურვებთ. დარწმუნებული ვარ თორნიკე კიდევ უფრო წარმატებული იქნება და ქართველ ქომაგს გაახარებს.''

ვიქტორ სანიკიძე: ''მსურს ყურადღება გავამახვილო ნეგატიურ კომენტარებზე, რომ ვითომ თორნიკემ არაპატრიოტული ნაბიჯი გადადგა. ვინც თორნიკეს იცნობს, დამეთანხმება, რომ ეს შეფასება რეალობიდან ძალიან შორსაა.

თორნიკე საკუთარი ქვეყნისთვის შეუძლებელსაც აკეთებდა. ყოველთვის ასე იქნება. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ქვეყანაში ან რომელ კლუბში იქნება, თორნიკე პატრიოტად დარჩება. მას თანადგომას ვუცხადებთ.''

გიორგი გამყრელიძე: ''საკალათბურთო სამყარომ კარგად იცის შენგელიამ რამდენად დიდი ნაბიჯი გადადგა.  იმედი მაქვს თორნიკე ცსკა-ში წარმატებით ითამაშებს და ევროლიგის გამარჯვებული გახდება.''

გიორგი ცინცაძე: ''თორნიკე ბევრი ახალგაზრდისთვის მისაბაძი სპორტსმენი და მისაბაძი პიროვნებაა. დღეს მისი აზროვნება ასეთ უაზრო კომენტარებზეა მიმართული. მინდა კარიერაში წარმატებები ვუსურვო, რომ მთელი საქართველო გაახაროს.''

გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი ოკუპირებული აქვს და რუსეთი უკანონო ბორდერიზაციას კვლავ აგრძელებს, საქართველოს მტრის არმიის კლუბში ქართველი კალათბურთელის გადასვლა არაერთი ქართველისთვის მიუღებელია. ამ გადაწყვეტილების გამო შენგელია სოციალურ ქსელში უამრავმა ქომაგმა გააკრიტიკა.

თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ს რიგებში გადასვლა ოფიციალურად დადასტურდა. მოსკოველთა "ტვიტერის" ოფიციალური გვერდის ცნობით, შენგელიამ მათ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. მან ცსკა-ს კალათბურთელის რანგში პირველი კომენტარიც გააკეთა.

"მოხარული ვარ, რომ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში ვითამაშებ და ერთი სული მაქვს მოთამაშეთა ამ შესანიშნავ ჯგუფსა და სამწვრთნელო შტაბს როდის შევუერთდები. იმედია, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და რუსეთის ჩემპიონატში ბევრ წარმატებას მივაღწევ", - განაცხადა 28 წლის ქართველმა.

შეგახსენებთ, 2019-20 წლების სეზონში შენგელია ''ბასკონიასთან'' ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები