Aa
Aa

ზიდანი, სიმეონე, ლა ლიგისა და სერია A-ს შედარება, საკუთარი მომავალი | ალეგრის ვრცელი ინტერვიუ Marca-სთან

იტალიელი სპეციალისტი, მასიმილიანო ალეგრი გამოცემა Marca-ს სხვადასხვა თემებზე ესაუბრა. ინტერვიუერმა მას კითხვები ესპანური და იტალიური ფეხბურთის, ზინედინ ზიდანის, დიეგო სიმეონეს, ლაუტარო მარტინესისა და „რეალის“ გაწვრთნასთან დაკავშირებით დაუსვა.

„მას შემდეგ, რაც „იუვენტუსი“ დავტოვე, ვისვენებ და საკუთარ ოჯახთან ერთად დროს ვატარებ მშობლიურ ქალაქ ლივორნოში, სადაც ჩემი დიდი ხნის მეგობრები ცხოვრობენ. მწვრთნელობას კი მაშინ დავუბრუნდები, როცა მოვნახავ კლუბს, რომელიც ჩემს ამბიციებს დააკმაყოფილებს და გამარჯვებებისთვის იბრძოლებს. რომელ ქვეყანაში ვიმუშავებ, ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.

„ბარსელონას“ მაისურის ტარება ტვირთია და საამისოდ ნებისმიერ მოთამაშეს ძალა და მენტალიტეტი სჭირდება. ლაუტაროს აქვს ყველა თვისება, რომ ამ გუნდში წარმატებული გახდეს. იგი „ინტერში“ ძალიან კარგია, თუმცა ვნახავთ, „ბარსაში“ თავს როგორ წარმოაჩენს.

ლა ლიგაში თამაში უფრო დიდი სიამოვნებაა, აქ გაშვებული გოლის შემდეგაც ისევე მოქმედებენ, თითქოს არაფერი მომხდარა. მეორე მხრივ, იტალიაში უფრო მეტი სიყვარული და დეტალებისა და ტაქტიკის მიმართ ყურადღებაა. ზოგადად, თითქმის ყოველთვის ტვინით თამაში გულით თამაშზე იმარჯვებს.

ძალა, რომლითაც ზიდანმა გუნდში ბალანსი მონახა, უდიდესი კლასი და ნიჭია. ჩემი აზრით, კაზემიროს პოზიციონირება „ზიზუს“ სამწვრთნელო დონის გამოხატულება და მისი მხრიდან ტაქტიკური მასტერკლასია.

სიმეონეს აქვს ემპათიური უნარები, შექმნას კავშირი თავის ფეხბურთელებთან და ეს ყველაფერი მყარ გუნდურობაში გადაზარდოს. ის და მისი გუნდი უნიკალური მოვლენებია. ნამდვილად არ ვიცი, არსებობს თუ არა სხვა მწვრთნელი, რომელსაც რაღაც ისეთივეს მიღწევა შეუძლია, რაც დიეგომ გააკეთა.

რაც შეეხება „რეალის“ გაწვრთნას, თქვენ გაიხსენეთ, რომ ეს გუნდი მეპატიჟებოდა. ეს ორი წლის წინ იყო, როცა „იუვესთან“ კონტრაქტი მაკავშირებდა და ამიტომაც არაფერი გამოვიდა. ხელშეკრულების გარდა, კლუბისა და მისი ფანების მიმართ ძლიერი მორალური ვალდებულება მქონდა“.

52 წლის სპეციალისტის სამწვრთნელო კარიერის განახლებას პრესა 2020-21 წლების სეზონიდან ვარაუდობს. იტალიური გამოცემები წერდნენ, რომ ალეგრი ინგლისური ენის სპეციალურ კურსებს გადიოდა, შესაბამისად, მას უფრო სამშობლოს საზღვრებს გარეთ მუშაობას უწინასწარმეტყველებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები