Aa
Aa

ბერნსს კორონავირუსი დაუდგინდა - უსმანი მასვიდალის წინააღმდეგ იჩხუბებს

გილბერტ ბერნსს, რომელსაც UFC 251-ის ფარგლებში, საჩემპიონო ქამრისთვის კამარუ უსმანის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, ხორხე მასვიდალი შეცვლის. ბერნსს აბუ-დაბიში გამგზავრებამდე Covid-19-ზე ტესტი ჩაუტარდა და დადებითი პასუხის შემდეგ, ოქტაგონზე გასვლა აეკრძალა.

იწერებოდა, რომ UFC 251-ის ფარგლებში არც კამარუ უსმანი იჩხუბებდა, თუმცა ვითარება შეიცვალა და „ნიგერიელი კოშმარი“ საჩემპიონო ბრძოლაში ხორხე მასვიდალს დაუპირისპირდება.

MMA Junkie-სა და ESPN MMA-ის ინფორმაციით, მასვიდალმა და უსმანმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს და UFC ბრძოლასთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მასვიდალი და უსმანი ლას-ვეგასში ჩავლენ, სადაც მათ კორონავირუსზე შეამოწმებენ. თუ ორივე მებრძოლის ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, ისინი 24-საათიან კარანტინს გაივლიან და შემდეგ აბუ-დაბიში, „მებრძოლთა კუნძულზე“ გაემგზავრებიან.

შეგახსენებთ, რომ მასვიდალს კარიერაში 48 ბრძოლა აქვს გამართული და 35-ჯერ იმარჯვა. უსმანს რაც შეეხება, „ნიგერიელი კოშმარის“ ანგარიშზე 16 მოგება და ერთი მარცხია. ცნობისთვის, UFC 251-ის ფარგლებში კიდევ ორი საჩემპიონო ბრძოლა გაიმართება - ალექსანდრ ვოლკანოვსკი მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ და ჟოზე ალდო პეტრ იანის წინააღმდეგ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები